დაკავებულ ისაკო დევიძეს პოლიციელებმა სცემეს, მან შიმშილობა დაიწყო – ადვოკატი

დაკავებული ისაკო დევიძის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს. მისივე ინფორმაციით, დევიძემ შიმშილობა დაიწყო.
ტყეშელაძე ყვება, რომ დევიძე ქუჩაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა აიყვანეს. შემდეგ სახლიში მიიყვანეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს არც მის დედას, ნინო ჭელიძეს და არც ადვოკატს. ლაშა ტყეშელაძე საუბრობს არაერთ პროცედურულ დარღვევაზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაზე.
“სწორედ ამიტომ არ გვიშვებდნენ ადვოკატებს და არ შეგვიშვეს, იმიტომ, რომ იყო სხვადასხვა უფლებების დარღვევა. არ უნდოდათ, რომ როდესაც ეს კრიმინალი პოლიციელები ამ უფლებებს არღვევდნენ, ადვოკატებს ხელი შეგვეშალა. რა მოხდა ისაკო დევიძის შემთხვევაში: ისაკო დევიძე გადაადგილდებოდა ქუჩაში. ამ დროს მივიდნენ უფორმო ადამიანები, გაუყარეს “პადრუჩკა” და ჩასვეს მანქანაში. უკვე იქ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არ მისცეს უფლება, რომ ვინმესთან დაერეკა. მაგალითად, ჩემთან. წაართვეს ტელეფონი. როდესაც უკვე მანქანიდან გადმოდიოდნენ, ისაკო დევიძეს ერთადერთი მოტივაცია ჰქონდა, რომ იქნებ ვიღაცისთვის ხმა მიეწვდინა, იქნებ ვიღაცისთვის დაეძახა – მე მითხრა, იმიტომ შევეცადეო, რომ პოლიციელებისგან თავი დამეცვა და ცოტა გავწეულიყავიო, რომ ჩემთვის რაიმე საგანი არ ჩაედოთო. მაგრამ იქ დახვდა ვიღაცა ადამიანი, რომელმაც დააკავა. როდესაც უთხრეს ახლა წამოდიო – სახლში უნდა აეყვანათ -, ამ დროს სადარბაზოში მასზე ფიზიკურად იძალადეს. 2-ჯერ ხდება მასზე ძალადობა. ერთი ამ შემთხვევაში და მეორე, როდესაც სახლში შეიყვანეს – ისაკო დევიძემ თვითონ გააღო კარები, იმიტომ, რომ ათეულობით პოლიციელი იყო და როდესაც სახლში შეიყვანეს – მას დასამალი არაფერი არ ჰქონდა -, როდესაც დაიწყო ჩხრეკა, ალბათ, ვერაფერი რომ ვერ იპოვეს კანონგარეშე, დაუწყეს გინება. ისაკო დევიძემ როდესაც ჰკითხა, რატომ მაგინებთ, რა გინდათო, საპასუხოდ, რამდენს ლაპარაკობ ბიჭოო და მეორეჯერ განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა. ისაკო დევიძე არის სპორტსმენი. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, როდესაც ჩემზე ძალადობდნენო, ერთადერთი მოტივაცია იყო, რომ სახე დაეცვა. ხელები მქონდა სახეზე აფარებულიო. აქედან გამომდინარე მას სახეზე რამე დაზიანებები არ ეტყობა. ის აღნიშნავს, რომ მასზე მოხდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ეტაპად. ამიტომაც არ უნდოდათ, რომ თვითმხილველი ყოფილიყო. დედას რომ არ უშვებდნენ, სწორედ მაშინ ძალადობდნენ. აბა რატომა რ შეუშვეს დედა?!”, – განაცხადა ადვოკატმა მთავარი არხის ეთერში.
ლაშა ტყეშელაძე დევიძის დაკავებას 2 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისი მოლთან დაგეგმილ აქციას უკავშირებს. მისი თქმით, სწორედ აქციასთან დაკავშირებით უსვამდნენ კითხვებს მას.
“საქართველოს დროშა ამოიღეს, ევროკავშირის დროშა ამიღეს და სხვადასხვა ნივთები. შემდეგ, როდესაც გადმოიყვანეს, პოლიციის შენობაში, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ისაკო დევიძე ჰყავდათ ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო 7-მდე პოლიციელი. ზოგი გადიოდა, ზოგი შემოდიოდა. ეს არ იყო გამოკითხვა, იმიტომ რომ მას არ შეავსებინეს რამე, არ უთხრეს ხელი მოეწერა. 4 საათის განმავლობაში მას უსვამდნენ სხვადასხვა კითხვებს. მაგალითად, კითხვები ასეთი იყო: ვინ უნდა გადაკეტოს გზა; ხვალ, აქციაზე რა მოხდება; თქვენ ხომ არ იცნობთ ვინმე კეპიან და წვერებიან ადამიანს; რა ტრენინგები გაიარეთ. ისაკო დევიძემ განმიცხადა, რომ ამ ყველაფერზე მას ეცინებოდა და პასუხობდა: აქციას აწყობს ხალხი; კეპიანი და წვერიანი კაცი ვინ არის მეც არ ვიცი და თვითონაც არ იცის; ტრენინგეზბე იყო საუბარი, ვინმემ ხომ არ გაგატარათ ტრენინგები, რა ტრენინგებზე უნდა ესაუბრათ?! სამოქალაქო აქტივიზმს ტრენინგი არ სჭრდება და ტრენინგი არ სჭირდება სამშობლოს სიყვარულს. მე აქამდე ეჭვი მქონა, რომ უკავშირდებოდა ხვალინდელ აქციას, მაგრამ ისაკო დევიძის განმარტებები, აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ უკავშირდება. სწორედ მაგაზე იყო კითხვები. ისაკო დევიძემ დაიწყო შიმშილობა. ყველა პოლიტპატიმრის სოლიდარული არის. ქალბატონი მზიას სოლიდარული არის და ფიქრობს, რომ აუცილებელია სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარზე და ყველას მადლობა გადაუხადა – მე ხმა მესმოდა იმ ხალხის, რომლებიც შეკრებილები იყვნენ სამმართველოსთანო. ხალხის უხდის ძალიან დიდ მადლობას”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ისაკო დევიძის დაკავების შემდეგ, პოლიციის სამმართველოსთან მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სწორედ აქ ისაუბრა მედიასთან მისმა დედამ, ნინო ჭელიძემ.
“არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა შიგნით. ფაქტია, რომ არ შემიშვეს. არ უნდოდათ, რომ რაღაცისთვის შემეხედა, ალბათ. რამე ისეთი მნიშვნელოვანი იყო, საზიანო მისთვის, რისთვისაც არ უნდა შემეხედა მე და ამიტომ არ შემიშვეს. არ ვიცი. რომ გამოიყვანეს გარეთ, მაშინაც არ მომცეს საშუალება, რომ მივახლოებულიყავი ჩემს შვილთან და შემეხედა ნორმალურად და რამე მეთქვა […] მე ერთი მინდა ვთქვა და ვუთხრა ყველას, რომ ამდენი გამწარებული დედის ცრემლი ასე არ ჩაივლის. ბუმერანგივით დაუბრუნდება ყველას უკან და თავის შედეგს გამოიღებს ნამდვილად. ბავშვები თავის მომავალს თვითონ, თავისი ხელი ჭედავენ და უნდათ უკეთესი მომავალი თავისი თავისთვის და ქვეყნისთვის”, – განაცხადა ისაკო დევიძის დედამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისაკო დევიძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
მისი სახლის გარდა დღეს პოლიციელებმა გაჩხრიკეს ფეისბუქ ჯგუფის, “დაიტოვეს” ლიდერების, ნენსი ვოლანდისა და ილია ღლონტის სახლებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ამავე თემაზე:
· : თბილისის შესასვლელი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მისი ბლოკირება აკრძალულია
· სტრატეგიული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა