დაკავებულია კაცი, რომელიც Krab Coffee-ის დამფუძნებლებს დაესხა თავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცია დაკავებული.
უწყების განმარტებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
5 მარტს, დიღომში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, Krab Coffee-ის დამფუძნებლებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მათთვის უცნობი მამაკაცი.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქრისტი პირველმა თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ მას კბილი აქვს მოტეხილი, Krab Coffee-ის მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას კი, ცხვირის მოტეხილობის გამო ოპერაცია დასჭირდა.
“მაღაზიაში ვიყავით. ვიღაც ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და მეორე მეპატრონეს. წავედი მისკენ, მეთქი, ვის აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას-თქო და მაგაზე, გამოქცეულზე წიხლი ჩამარტყა მუცელში. მე კბილის მოტეხილობა მაქვს, მეორე გოგონას აქვს ცხვირის მოტეხილობა. ოპერაცია სჭირდება, ახლა შედის”.
როგორც ქრისტი პირველი ამბობს, პოლიციამ მათ სარჩელის უკან გატანა “ურჩია”, რადგან კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს, საპასუხოდ, ისიც სცემს.
“მე ვცემე საკმაოდ კარგად. ვიდეოკადრები ნახეს. პოლიცია გვეუბნება, რომ შერეული ბრალეულობაა. გვეუბნებიან, რომ სარჩელი უნდა გამოვიტანო. ორივე მხრიდან იყო ძალადობაო, რადგან კადრებში ჩანს, სიტყვიერ შეურაცხყოფას რომ მაყენებს, მერე მე მივდივარ მისკენ და ის კი მირტყამს პირველს, მაგრამ შემდეგ მეც ვცემე… რადგან მე კარგად ვცემე და ალბათ არ დაველოდე, რომ მომკლავდა…”, – ჰყვება ის.
ქრისტი პირველმა და ბარბარე როკიტამ პროევროპული აქციების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე კაფე გახსნეს. მალევე, მათი კაფე დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად იქცა. ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად, აქციების დაწყებამდე ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს.