დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, ანდრია ლილუაშვილი.

მათი ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება. ამავე ბრალდებით გუშინ დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
დღეს, აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – ანდრია ლილუაშვილი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა