.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა ნაწილს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციისას ადმინისტრაციული წესით 21 პირი დააკავეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, მისმა რწმუნებულებმა 11 პირი მოინახულეს.
„დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი დამატებით შეისწავლის სასამართლოს მანდატურების მიერ ძალის გამოყენების საკითხს.
„საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც შემოდგომა-ზამთრის აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის, რომელსაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ედავებოდა, განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაკვალიფიცირებული ბრალით, მათგან სამს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ ხუთს კი, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოს ჯავახიშვილს — 2 წლით.ამავე დღეს, 8 პირის განაჩენის გამოცხადებას ანტონ ჩეჩინის პროცესი. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ის ბრალს არ აღიარებს.განაჩენების გამოცხადების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა.




