დაკავებისას ეუბნებოდნენ ჰომოფობიურ კომენტარებს საყურის გამო, – ადვოკატი დაკავებულ ჟურნალისტზე

“ინდიგოს” დაკავებული ჟურნალისტის, საბა სორდიას ადვოკატი მარიამ ყველაშვილი ამბობს, რომ დაკავების დროს ჟურნალისტს ჰომოფობიურ კომენტარებს ეუბნებოდნენ იმის გამო, რომ საყურე ეკეთა.
გარდა ამისა, ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ საბა სორდიამ დაკავების მომენტში არ იცოდა, რომ აკავებდნენ და ამის შესახებ მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაიგო.
“ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ საბა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც საბა თვითონ ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, უნდა მეგობრებს შეხვედროდა, რა დროსაც მასთან ორი პოლიციელი მივიდა და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით მის პირადობის მოწმობას ითხოვდნენ. საბამ ეს პირადობის მოწმობა მიაწოდა. ამის შემდეგ სთხოვეს, რომ ჩანთა გაეხსნა, რაზეც ასევე დაემორჩილა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოითხოვეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რა დროსაც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა. ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნის დროს მის მიმართ იყო ჰომოფობიური სიტყვები გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა”, – ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, ჟურნალისტს ჩამოართვეს კუთვნილი კამერაც და მას შემდეგ, რაც მან ითხოვა, რომ კამერა არ დაკარგულიყო, მისი დამტვრევით დაემუქრნენ.
“საბას ჩამოართვეს GoPro, რომელიც ახლა განყოფილებაში აქვთ. საბამ რამდენჯერმე სთხოვა, ეს ვიდეო კამერა არ დაკარგულიყო. მითხრეს, თუ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებ ამას, დავამტვრევთ შენს კამერასო, რაც პოლიციელების მხრიდან არის შეუსაბამო საქციელი. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველს მივმართოთ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიური მიმართვის თაობაზე. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუკი მას გაუგრძელებენ დამატებით 48 საათით ვადას, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში გადაიყვანენ ან ხელწერილით გამოუშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, როგორ გაგრძელდება შემდგომში საკითხი”, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ საბა სორდია დღეს, შუადღისას დააკავეს. როგორც “ინდიგოს” დირექტორმა ნატა ძველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მეგობრებმა, რომლებსაც ჟურნალისტი უნდა ენახათ, მისი დაგდებული სკუტერი იპოვეს და ასე გაიგეს მისი დაკავების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – “ოცნებას” პარტნიორების მოწოდება, რომ გააძლიერონ დემოკრატიული რეფორმები, არ აწყობს, რადგან მაღალჩინოსნების ნახევარზე მეტი უკვე ციხეში იჯდებოდა – მათ სურთ კომფორტში დარჩნენ და მიდიან იზოლაციისკენ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი პატივს მიაგებს ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა