„დაიცავით დემონსტრანტები, როგორც იცავდა ქართული მილიცია 9 აპრილს“ — გია დვალი და ზაზა ოსმანოვი პოლიციას

ფიზიკოსები, გია დვალი და ზაზა ოსმანოვი, დღეს, 1-ელ მაისს, ერთობლივ წერილს ავრცელებენ საქართველოში ანტირუსული პროტესტის და ხელისუფლების ქმედებების შესახებ. წერილის ავტორები მოუწოდებენ პოლიციას, არათუ არ დაუპირისპირდეს, არამედ დაიცვას პროტესტის მონაწილეები, როგორც ეს 9 აპრილს იმდროინდელმა ქართულმა მილიციამ გააკეთა.
ნეტგაზეთი ფიზიკოსების წერილს სრულად გთავაზობთ:
„დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ღირსება არის მთავარი ფასეულობები, თუ ჩამოვყალიბდებით როგორც ტოტალიტარული იმპერიის გუბერნია. ეს უკანასკნელი უკვე პირდაპირ და დაუფარავად გაცხადდა, როგორც ხელისუფლების მიერ დასახული კურსი. ძნელია იმის დაჯარება რომ ხელისუფლებას არ ესმის თუ რამხელა უბედურების მომტანია ეს გზავნილი. ეს არის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობა, მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე ოცდათხუთმეტი წელია იბრძვის ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში. შესაბამისად, მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მოქალაქეების სამართლიან წინააღმდეგობაზე. გვინდა მივმართოთ ძალოვნებს, რომ არათუ არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირად დაიცვან ისინი, როგორც იცავდა 9 აპრილს დემონსტრანტებს მაშინდელი ქართული მილიცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ გვიან არ არის დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში. მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში. არა ტოტალიტარიზმს!”, – წერენ გია დვალი და ზაზა ოსმანოვი.
30 აპრილის საღამოს და 1-ელ მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ