დაიღუპა ბაიკერი, სავარაუდოდ, პატრულის მანქანასთან შეჯახების გამო

დღეს დილით თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბაიკერი დაიღუპა. მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე მაშინ მოხდა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა დაკავების მიზნით ჩაუკეტა.
დაღუპული 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ყაზბეგის გამზირზე ვიდეოგადაღება დაიწყო ერთ-ერთმა თვითმხილველმა, გიორგი მოდებაძემ. ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის – მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას, როცა მას პოლიციელები უახლოვდებიან. სწორედ ამ დროს წყდება ვიდეოგადაღება. შესაბამისად, არ არსებობს მასსა და პოლიციელებს შორის კომუნიკაციის ამსახველი კადრები.
როგორც წესი, ავტოსაგზაო შემთხვევებს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ატარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო დანაშაულში პოლიციელები ფიგურირებენ. ეს გარემოება ამყარებს რამდენიმე ტელეკომპანიის გავრცელებულ ვერსიას 19 წლის რევი დემეტრაშვილის დაღუპვის შესახებ.
პროკურატურაში გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამ მუხლით სამ წლამდე პატიმრობით ისჯება ადამიანი, თუ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სხვა ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს.

ასევე დაგაინტერესებთ