ქართული რესტორანი „ჩვენი“ უცხოეთში გაფართოებას გეგმავს. როგორც შეფმა გურამ ბაღდოშვილმა BM.GE-სთან განაცხადა დაინტერესებულია ინგლისით და ესპანეთით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს, შეფმა ქართული რესტორნის „ჩვენი“ პირველი ფილიალი პორტუგალიის დედაქალაქში, ქალაქ ლისაბონში გახსნა, რომელიც ამ დრომდე წარმატებით ოპერირებს და 10-მდე ადამიანს ასაქმებს. ტურისტული ობიექტი ძველ ლისაბონში, ტურისტულ ადგილასაა განთავსებული.
ბაღდოშვილის ცნობით, ქართული გასტრონომია მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც იმ ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებიც მრავალი წელია საზღვრებს გარეთ საცხოვრებლად წავიდნენ და პატარა კაფე/რესტორნები გახსნეს. შესაბამისად, შეფი დაინტერესებულია, რომ მისი სარესტორნო ხაზი საერთაშორისო ბაზარზე განვითარდეს.
„როგორც ვხედავ, ქართული გასტრონომია ძალიან მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც 10 და 20 წლის წინ საზღვარგარეთ წავიდნენ და პატარა კაფეები გახსნეს. ადამიანების, რომლებიც ცდილობენ ქართული კულტურის იქ დათესვას.
დაინტერესებული ვარ ინგლისით და ესპანეთით, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ გეგმის დონეზეა. იცით, როდესაც ადამიანს არ იცნობ, პარტნიორად ვერ აიყვან, მაგრამ არც შეუძლებელია. მყავს 1-2 ადამიანი, რომელიც არის ამ საკითხით დაინტერესებული“, – ამბობს ბაღდოშვილი.
