ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა.
აღნიშნული შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.
დათუნა სულიკაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივნისს დატოვებს.
ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




