,,დათო კირკიტაძემ ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და სააკაშვილის სიტყვებს ვციტირებ: “ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა“ – რას იხსენებს გიორგი ნემსაძე

ვეტერანმა ფეხბურთელმა, გიორგი ნემსაძემ წულუკიანის კომისიაზე 2007 წლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ ისაუბრა:
,,2007 წლის 13 მაისს დაინიშნა არჩევნები. ყრილობა ტარდებოდა “ქორთიარდ მერიოტში”. მოხდა ისე, რომ 19/16-ზე ხმით გავიმარჯვე. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დათო კირკიტაძე არის მოსული, თქვენთან უნდა გასაუბრებაო. ძალიან გამიკვირდა, რადგან ყრილობაზე პოლიტიკური სახე, პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო, ეს ერთგვარად ირიბ ჩარევას ნიშნავდა. კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, ახლავე გადიო. გავედი ოთახში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, დათო ნამგალაურთან ერთად. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო დათო ნამგალაური. მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ უნდა შენთან დაკავშირებაო, დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარაო. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე. შენთან უნდა გასაუბრებაო.
რეკავს ტელეფონი. დათო ელაპარაკება, გისმენთ ბატონო პრეზიდენტოო, გიორგისთან ვარ და ახლავე დაგალაპარაკებთო. ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და ვციტირებ: “ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა, ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. გთხოვ, სამსაათიან “კურიერს” მოუსწრო და უკვე მოხდეს თქვენი ამ განცხადების გაშვება”. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და თავზე დამენგრევა ყველაფერი, თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთით, გააკეთე ის, რაც გთხოვეო, ფეხბურთით ნუ დაიწყებ ქვეყნის ნგრევასო.
ისეთი დილემის წინაშე დავდექი, ფაქტობრივად, ქვეყანაა და შემდეგ ვართ ჩვენ. სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ვუთხარი, არ არის პრობლემა, რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება, მზად ვარ ყველანაირად ვემსახურო ჩემს ქვეყანას-მეთქი.
ამის მერე, მაჩვენეს გზა, რაღაც სახანძრო ჩასასვლელი კიბე, იმით ჩავედით, სადღაც გავძვერით, რაღაც მანქანა დამახვედრეს, ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ და იქ გავაკეთე განცხადება [გადადგომაზე]. დიდი დარტყმა მივიღე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება რასაც მივეცი, ფეხბურთს, იმ სფეროში არ მომეცა მუშაობის საშუალება”

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში