დათო კეზერაშვილს ამერიკის ვიზა არ მისცეს, რის გამოც მან სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.
სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი -ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.
იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.
ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული.
ამავეს განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის სარჩელს გაეცნო:
“მუხლი, რომლის საფუძველზეც უარია ნათქვამი, ამბობს, რომ თუ საკონსულოს თანამშრომელმა და გენერალურმა პროკურორმა იცის ან აქვთ ინფორმაცია, რომ პირი არის ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, თანამონაწილეა ასეთი დანაშაულის, მას შეიძლება უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე”.
რას ითხოვს კეზერაშვილი სასამართლოში?
დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
ამ შინაარსის სარჩელი გამოქვეყნდა ვებგვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ს სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

ასევე დაგაინტერესებთ