“პროცესზე ვიყავი.
სამ საათს გავუძელი.
მერე გარეთ ვიჯექი.
კინოში თუ არ უყურებ ან წიგნში თუ არ კითხულობ, აბსურდის ჟანრი რთული ასატანია. მითუფრო მაშინ, როცა ადამიანის თავისუფლებას, ჯანმრთელობას და, როგორც აღმოჩნდა, სიცოცხლეს ეხება საქმე.
ონისე ცხადაძეს მხნედ ეჭირა თავი და როცა სიტყვას აძლევდნენ, მახვილი, ბასრი და ალესილი ნათქვამით ამბობდა სათქმელს.
ხანდახან ხუმრობდა კიდეც.
თუ ადამიანი მაშინ ხუმრობს, როცა არ ეხუმრება, ნიშნავს, რომ თავს იცავს. ხვდება, რომ სხვა არაფერი დარჩენია.
ბიჭები თვალს არ აშორებდნენ დარბაზს. ალბათ სახეებს იმახსოვრებდნენ. ერთი საინტერესო პერსონაჟი ამბობს, რომ ციხეში ხედებსა და მხედველობას მეხსიერება უნაცვლებს. ისინიც იმკვეთრებდნენ მხედველობას.
პროცესის დასრულებიდან მალევე ონისეს მამა გარდაიცვალა.
მანამდე გიორგი ახობაძის დედა აღესრულა შვილის მოლოდინში.
მშობლებს შვილებზე დარდი გაჰყავთ, შვილებმა კი სამუდამო საფიქრალი და სადარდებელი დაიტოვეს.
არ ვიცი, როგორ დარჩება მამა ონისეს მეხსიერებაში და ალბათ არც უნდა ვიცოდეთ. ეს მისი, რთული გზაა, რომელსაც, ასე მგონია, მხნედ და ღირსეულად გაივლის.
მე ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა იცხოვრონ ამ ცოდვით ხილული ბოროტების შემქმნელებმა.
თუნდაც სადმე, გონების რომელიმე მივარდნილ და მივიწყებულ კუნჭულში მაინც არ ეფიქრებათ იმაზე, რომ ადრე იქნება თუ გვიან ამ ცოდვის ამორწყევა მოუნდებათ?
განა ძილის წინ მაინც მაინც არ გაუელვებთ ხოლმე აზრი, რომ ერთ დღესაც მშვიდი სინდისი და უშფოთველი ძილი მოენატრებათ და არავინ იქნება მათი სინანულის მომსმენი და თანამგრძნობი?
იმედი მაქვს, რომ ეფიქრებათ ამაზე.
იმედი მაქვს, რომ მალე სხვა საფიქრალიც აღარ ექნებათ ამის გარდა.
გარდაცვლილზე კი რა ვთქვა… დაე, ამქვეყნად წართმეული სიმშვიდე მოიპოვოს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო გორგილაძე.