დათა თავაძე: ფარაჯანოვი რომ ცოცხალი ყოფილიყო …

“ფარაჯანოვი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თქვენ იგივეს იზამდით, რაც თავის დროზე გაუკეთეთ: შალვა რამიშვილს მიაშავებინეთ, ტროლ-ბოტები მიუქსიეთ, ციხეში გაუშვით, არაერთგვაროვანი პოზიციაც დააფიქსირეთ ერთმანეთში ჩუმ-ჩუმად და სულ რამდენიმე ადამიანმა წაიწკმუტუნეთ რაღაც და მერე ისევ გაჩუმდით, იმიტომ რომ კრიტიკის შეგეშინდათ, სანამ მას ამცირებდნენ, აწამებდნენ, წელში ტეხდნენ… მერე გაიქცა და მერე მოკვდა და დაგრჩათ სიცარიელე, მაგრამ არაფერი გასწავლათ იმ უმსგავსობამ, რაშიც იცხოვრეთ. ვერ ისწავლეთ, რომ თქვენი მარადიული დუმილი ანადგურებს ამ ქვეყანას, მის ადამიანებს, მის კულტურას.
და მერე ისევ თვითგვემა: “ქართველები ვერ გავუფრთხილდით!”
არ გაგახსენდათ არც “ჩვენი სერჟიკა” და არც “ქართველები”, რომლებიც “ვერ გავუფრთხილდით”, როცა მისი 100 წელი არ აღნიშნა თქვენმა მხარდაჭერილმა პარტიამ. არ გიკითხავთ, რატომ. ისევ დადუმდით და ისევ ვიღაც “ქართველებს” დააბრალეთ ყველაფერი, არადა მე რომ გიყურებთ, მგონია, თქვენ ვერ გაუფრთხილდით ვერაფერს.
დღევანდელი დღის კულტურული სიახლეები ასეთია:
მსახიობები ისევ ციხეში არიან.
“მსოფლიო ბანი” პაატა ბურჭულაძე ოპერის თეატრში არ შეუშვეს.
მომღერალ ნინო ქათამაძეს ხვალ სასამართლოა აქვს და იმის იმედად ვართ, რომ მთლად სატანურ უსამართლობას არ ჩაიდენენ და პატიმრობაში არ გაუშვებენ ქუჩაში დგომისთვის.
ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი – “ახალი თეატრი” – პროპაგანდისტული მანქანის ყველაზე მავნე თავდასხმებს იგერიებს, ვიდრე ოზურგეთში საპროტესტო აქციას მართავს.
და თქვენ ისევ დუმხართ და ისევ იტყუებით და მერე ისევ იტყვით “ვერ გავუფრთხილდით!”” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დათა თავაძე.