“სტურუამ დადგა “პრეზიდენტი”, დადგა “მტრის ნიღაბი”, “ნადირობის სეზონიც” დადგა და მრავალი სხვა სპექტაკლი, რომლითაც წლების გამნავლობაში ებრძოდა წინა ხელისუფლებას. შემდეგ, როცა ეტყობა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი, საჯაროდაც გამოვიდა და ასე აკრიტიკებდა ხელისუფლებას, დღემდე აკრიტიკებს (ოღონდ წინა ხელისუფლებას. რომ აღარ არსებობს ხელისუფლებაში იმას.) – სცენიდანაც და პროპაგანდისტული არხებიდანაც. შემდეგ, ცოტა დაუკრეფავშიც გადავიდა და ისეთებიც თქვა, რაც, ჩემი აზრით, აღარ ეკადრებოდა, მაგრამ სტურუა ჩვენთვის ყველასთვის მაინც რჩებოდა “სტურუად” და როცა მოხსნეს, მისი დასიც, კოლეგებიც და თაყვანისმცემლებიც, თეატრის წინ დადგნენ და ასე გააპროტესტეს – მაშინ ვნახეთ პირველად საპროტესტო პერფორმანსი თეატრის წინ.
იყვნენ ისეთებიც ამ ჩვენს სფეროში, ვისაც შეეშინდა ხმის ამოღება მის დასაცავად, იყვნენ ისეთებიც, ვინც ეთანხმებოდა სტურუას მოხსნას, მაგრამ ხმის ამოღება მაინც არ იკადრეს…
პოლიტიკოსები, პროპაგანდისტები და მთავრობის ბრმა მხარდამჭერები კი ზუსტად ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ:
“ზოგჯერ სამხატვრო ხელმძღვანელები […] სულთნებად გადაიქცევიან ხოლმე.”
ან,
“როცა თეატრს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, მაგრამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, საბოტაჟს ეწევა, ეს სამართლიანია?!
ჩემი აზრით, ასეთ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უფლება არა აქვთ, თავის პოსტებზე დარჩნენ.”
ან,
“სახელმწიფოს აგინებდე და თან, სახელმწიფოს დაფინანსებით არსებობდე, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი ამბავია.
ზოგს ჰგონია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი საშვილიშვილოდ ერგო, მაგრამ ასე არ არის.” – ზაზა პაპუაშვილი, 2025 წელი.
ძვირფასო ზაზა, ჩემი საყვარელი მსახიობი იყავით და ვერასოდეს გადაგიხდით სათანადო მადლობას იმ შთაბეჭდილებებისთვის, რაც მაჩუქეთ. მახსოვს, თქვენი “მაკბეტის” მერე წავიკითხე “მაკბეტი” და თქვენს რეპეტიციებზე ვიპარებოდი ხოლმე და ნეტა იცოდეთ, რამდენს ნიშნავდით ჩემთვის, ჩემი თაობისთვის… ყოველთვის იმ სიმართლეს ამბობდით სცენიდან, რასაც ბევრი ვერ ბედავდა და შემდეგ, მეგონა სცენიდანაც იმიტომ ჩამოხვედით, იგივე მანკიერების წინააღმდეგ რომ გებრძოლათ, რასაც სცენაზე ამხელდით – “მაკბეტში”, “ჰამლეტში”, “მეთორმეტე ღამეში”, “სეჩუანელ კეთილ ადამიანში”, “გოდოს მოლოდინში”… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე თვალს თუ დახუჭავდით პოლიციურ სისასტიკეზე, ან სასამართლოს უსამართლობაზე, რეპრესიულ კანონებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემაზე, ხელოვანების შევიწროვებაზე, უსამართლო დაპატიმრებებზე – ძლიერს დაიცავდით, ჩაგრულს კი გაკიცხავდით…
საერთოდ, როდის აქეთ გვერევა ერთმანეთში ხელისუფლება და სახელმწიფო? მართლა ფიქრობთ, რომ ძლიერი ხელისუფალი უნდა უფრთხოდეს თავის კრიტიკოსს? მართლა ფიქრობთ, რომ ხელოვნება ხელისუფლების სამსახურში უნდა იდგეს? მართლა ფიქრობთ, რომ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს თავის თეატრს, რომლის “ერთადერთი აზრიც ის ყოფილა, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს” (ამას არ ამბობდა თქვენი ჰამლეტი?)…
განა, სახელმწიფო არ აფინანსებს ხელისუფლების ოპოზიციას და დამოუკიდებელ სასამართლოსაც, რომელმაც შესაძლოა (ჰოი, საოცრებავ!), გაამტყუნოს კიდეც ზოგჯერ ხელისუფლება? განა ხელისუფლება არ უნდა იცავდეს სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლებას და მის მთავარ “შემმოწმებლებს”? და ვინ იცის, იქნებ ზოგჯერ ყურიც უნდა დაუგდოს კრიტიკას და იქნებ, ამით უკეთესიც გახდეს – ეს გახლავთ დემოკრატია, არა?
და ბოლოს, თუ ვინმე სტურუას მოხსნის გამო მართავდა აქცია-პერფორმანსებს თეატრის წინ, სხვამ დასის წევრის უსამართლოდ დაპატიმრების გამო ხმა რომ ამოიღოს, ძალიან გასაკვირი იქნება თქვენთვის?
პატივისცემით,” – წერს სოციალურ ქსელში სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი, დათა თავაძე.