დაზღვევის სექტორის შემოსავალი 2024 წელს ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა – დავით ონოფრიშვილი (BMG)

დაზღვევის სექტორის შემოსავალი 2024 წელს 1 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის დაწყებამდე განუცხადა.
მისი შეფასებით, სადაზღვევო სექტორი მზარდია. ბოლო 5 წლის განმავლობაში სადაზღვევო პრემია, ანუ სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები გაორმაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი აქტიურად ერთვება და სხვადასხვა პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება.
„2024 წლის სადაზღვევო სექტორის შემოსავალი 1 მილიარდ 260 მილიონი ლარია, რაც გასულ წლის მაჩვენებელს 200 მილიონი ლარით აღემატება. ამას სამი მიმართულება განაპირობებს: ადამიანებს უფრო მეტად სჯერათ სადაზღვევო პროდუქტების, მეორე ფაქტორი, რამაც შემოსავლები გაზარდა ფასების ზრდაა, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის ფასები გაიზარდა. სადაზღვევო კომპანიებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება ძალიან მოგებიანი არ არის, მაგრამ თვითონ ფასები იზრდება ჯანდაცვის სფეროში, შესაბამისად ფასთა ცვლილება აისახება ჯანდაცვის დაზღვევაზე. მნიშვნელოვანი ზრდა არის ჯანდაცვის, ასევე ქონების დაზღვევისა და ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით. შემცირება არც ერთი მიმართულებით არ არის და სექტორსაც ეტყობა – უფრო მყარად დგანან.
კონკურენციაც მაღალია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და 19 კომპანია ბაზარზე საკმაოდ სერიოზული კონკურენციის საკითხია, რაც კარგია მომხმარებლისთვის, რადგან როდესაც კონკურენცია მაღალია მომხმარებელი ამ შემთხვევაში ხარისხსა და დაბალ ფასს უყურებს“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
ცნობისთვის, სადაზღვევო ბაზრის 2024 წლის მიმოხილვა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
bm.ge