დაზღვევის დღესთან დაკავშირებით, „პულმანში“ კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს.
ღონისძიების სტუმრებს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დაზღვევის კუთხით პრიორიტეტების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
საკუთარ მიმართვაში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის, დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
„ფინანსური განათლება საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. თითოეული ჩვენგანის უნარი მართოს პირადი ფინანსები, განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას, წარმატებას და ცხოვრების ხარისხსაც კი. პირადი ფინანსების მართვის, დაგეგმვის და შესაძლებლობების შესახებ, პრაქტიკული ცოდნა განაპირობებს ჩვენს მიერ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პრაქტიკულად, ყოველდღიურად ვიღებთ. ამ გადაწყვეტილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე.
დაზღვევაზე ცნობიერების ამაღლება, სამსახურის და სადაზღვევო სექტორის ერთობლივი საზრუნავია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორიც საკმაოდ აქტიურია სხვადასხვა შემეცნებითი, საინფორმაციო თუ სახალისო კამპანიის ჩატარებაში, მასალების მომზადებასა და ინფორმაციის გავრცელებაში
დაზღვევაზე ცნობადობის ზრდასთან ერთად, 2024 წლის შედეგები ცხადყოფს, რომ სადაზღვევო ბაზარი დინამიკური ზრდით ხასიათდება. ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო საქმიანობიდან მოზიდული პრემია, რომელმაც 2023 წლის მონაცემებით პირველად გადააჭარბა მილიარდს, ხოლო გასული წლის მონაცემებით კიდევ 18%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 259 მლნ ლარი შეადგინა.
გასულ წელს, ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია. დასახული მისიიდან და მიზნიდან გამომდინარე, გამოიკვეთა 4 პრიორიტეტული მიმართულება, საიდანაც ერთ-ერთი, სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მხარდაჭერაა.
ასევე, საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ გლობალური პროცესების ნაწილი და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
დაზღვევის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, ასევე, სტუმრები ეკონომიკური სფეროდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა გიორგი აბაშიშვილი.
მათივე ცნობით, 1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა „დაზღვევის შესახებ“ პირველ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.
