„დაზუსტდება შემდეგ პროცესზე“, – პროკურორმა ვიდეოში ბრალდებულებზე ვერ მიუთითა, სხდომა გადაიდო

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულების ერთი ჯგუფის სასამართლო სხდომა გადაიდო მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა პროკურორს ვიდეოკადრებში ბრალდებულების მითითება მოსთხოვეს. პროკურორმა თამარ იაკობიძემ პირობა დადო, რომ ადვოკატების მოთხოვნას მომდევნო სხდომაზე შეასრულებს.
ის, რაც ადვოკატების ნაწილის აზრით, პროკურორის “მოუმზადებლობას” ნიშნავს. პროკურორისთვის „ტექნიკური საკითხია“.
პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, „მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება ასე: უყურებენ კონკრეტულ ვიდეოს და შემდეგ მხარეები აფასებენ, ამ შემთხვევაში კი დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებებზე ბრალდებულების მითითებაც მოითხოვა“.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მტკიცებულებათა გამოკვლევის ზოგადი წესია განსაზღვრული და კონკრეტული ფორმატი ან პროცედურა გაწერილი არაა.
ამ კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად:
1. მტკიცებულებათა გამოკვლევა იწყება მხარეების მიერ შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ;
2. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე;
3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე.
პრაქტიკაში კი მხარეები მოსამართლის დახმარებით ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევის ფორმატზე ერთობლივად თანხმდებიან ხოლმე. არის შემთხვევები, როცა გამოკვლევად მხოლოდ ვიდეოს ნახვა მიიჩნევა, ნანახს კი მხარეები დასკვნით სიტყვაში აჯამებენ. ზოგ შემთხვევაში კი მხარეები ვიდეოს შესწავლის პარალელურად დამაზუსტებელ კითხვებს სვამენ და აფასებენ კიდეც ნანახს.
„კონკრეტული პირებს შემდეგ სასამართლო პროცესზე მივუთითებ“, – ამბობს პროკურორი, თამარ იაკობიძე.
რადიო თავისუფლება: ანუ დღეს მზად არ იყავით?
პროკურორი: მზად… ნახეთ, როგორ არის… კონკრეტული სახელისა და გვარების მითითება დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ ჩანაწერთან დაკავშირებით ვერ განხორციელდებოდა.
რადიო თავისუფლება: რატომ? შეუძლებელი იყო ვიდეოში, თუ თქვენ ვერ ცნობდით?
პროკურორი: ძალიან მარტივი, ტექნიკური საკითხია და ეს ტექნიკური საკითხი დაზუსტდება შემდეგ პროცესზე
რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ ტექნიკურ საკითხში?
პროკურორი: გამოკვლევის პროცესში დაცვა ან ითხოვს მითითებას ან არა… რადგან დაცვის მხარე ითხოვს, რომ მითითება განხორციელდეს, მომდევნო პროცესზე მიეთითება.
რომელ ჩანაწერში ვერ მიუთითა ბრალდებულები პროკურორმა?
9 თებერვლის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას იწყებდა. პირველ სასამართლო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე ჩართო ვიდეო სათაურით – გენადი კუპრეიშვილი.
მას ბრალად ედება სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ის ბრალს არ აღიარებს.
ამ ვიდეოში პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნის საპასუხოდ მიუთითა, რომელი იყო ვიდეოზე ბრალდებული, განსხვავებით მეორე ვიდეოსგან.
მეორე ვიდეომტკიცებულება, რომელიც სხდომაზე უნდა გამოეკვლიათ მტკიცებულებათა ნუსხაში ასეა დასათაურებული: ტუღუში, ივანიძე, ჯიქია და ჩილაჩავა.
„ამ ადამიანებს ედავებიან ძალადობრივ ქმედებას, პროკურორმა გვაჩვენა ვიდეომასალები, სადაც იყო ქვების სროლა და მიუთითა, რომ ამაში მონაწილეობას იღებდა ოთხი პირი, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც ალექსანდრე ჩილაჩავაც, თუმცა ვერ მიუთითა, რომლები იყვნენ ისინი… მკაფიოდ არ უთქვამს პროკურორს, ეს ადამიანები იყვნენ თუ არა ამ ვიდეოში, ჩვენ დავსვით კითხვა და აღმოჩნდა, რომ მან არ იცოდა… ვერ ვხვდებით, ამ ვიდეომასალას რატომ აწერია ოთხი ბრალდებულის სახელი და გვარები, ექსპერტიზაზეც არ ყოფილა გაგზავნილი“, – ამბობს ადვოკატი ჯანო ჭკადუა.
ვიდეო ტელეკომპანია “ევრონიუსის” პირდაპირი ეთერიდანაა ჩამოტვირთული და 28-წამიანია. ოპერატორი ზურგიდან და შორი კადრით იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე მოვლენებს.
„სად ვარ ამ ვიდეოში მე?“ – იკითხა ლაშა ივანიძემ. პროკურორის თქმით, დასკვნით სიტყვაში შეაფასებს ვინ არის ვიდეოზე და რას აკეთებს. საბოლოოდ, მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მას მოუწოდა მიუთითოს ბრალდებულებზე, რომლებიც ვიდეოებში ჩანან.
„რადგან არსებობს ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ პირებთან მითითებით და შემთხვევით მქონდა დისკები წამოღებული… ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვიდეოების ნაწილი ეხება ზოგად სურათს და კონკრეტული ვიდეოჩანაწერები ეხება კონკრეტულ პირებს, მომდევნო პროცესზე კითხვებს, „რომელი ვარ მე“ – ბრალდების მხარე კონკრეტულად მიუთითებს. ამ ჩანაწერის გამოკვლევა გავაგრძელოთ მომდევნო სხდომაზე“, – თქვა პროკურორმა.
მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიდეო შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე ზოგად მოვლენებს ასახავდეს და არა კონკრეტული ბრალდებულების სავარაუდო დანაშაულს.
„შესაძლებელია, მტკიცებულებათა ნუმერაცია იყოს სხვა და ეს დაზუსტდება“, – ამბობს პროკურორი.
ადვოკატებს კი მიაჩნიათ, რომ პროკურორი სასამართლოზე მოუმზადებელი მივიდა. ისინი არ დაეთანხმნენ ბრალდებას, რომ ვიდეოს გამოკვლევა მომავალ სხდომაზე გაგრძელდეს და ამ ვიდეოს გამოკვლეულად ჩართვა მოითხოვეს.
„შემთხვევით ვიდეომტკიცებულებების წამოღება რას ნიშნავს? ერთი თვე გქონდათ მოსამზადებლად და მაინც მოუმზადებელი მოხვედით“, – განაცხადა სულხან ტუღუშის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა.
მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ბრალდებისგან მოვისმინეთ, რომ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით შემდეგ სხდომებზე გავაგრძელებ გამოკვლევას და მიგითითებთ, ვინ ვინ არის თუ მოვახერხებ მითითებასო… ნუსხაში შავით თეთრზეა ოთხი ადამიანის გვარი მითითებული, შემდეგ სხდომაზე ბრალდების მხარე განაგრძობს ამ ვიდეოს გამოკვლევას და დავუშვათ ნუსხაში არის რაიმე ტექნიკური შეცდომა და საერთოდ ვიდეო, რომელსაც შემდეგ სხდომაზე გამოვიკვლევთ არის თუ არა ვინმეს მამხილებელი, შემდეგ სასამართლოზე გამოვიკვლევთ“, – თქვა მოსამართლემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ამ ვიდეოს გამოკვლევა 16 თებერვლის სხდომაზე გაგრძელდება. ამავე სხდომაზე პროკურორი 10 მოწმის მოყვანას გეგმავს. დღეს დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც ვიდეოები იკვლიეს და წარდგენილ კადრებში ბრალდებულების იდენტიფიცირება მოახდინეს. ბრალდებულების პოზიციაა, რომ ისინი აქციაზე ნამდვილად იყვნენ, თუმცა არ უძალადიათ.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.
4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, ამ საქმეზე პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმავე დღეს – ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს – მონაწილეებად.
4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ბრალდებულია განაწილებული, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალი ერთნაირია.

ასევე დაგაინტერესებთ