ზამთრის მოახლოებასთან ერთად, „თბილისი ენერჯის“ დედაქალაქში უკვე შემოწმებული ჰყავს დაახლოებით 212 ათასი აბონენტი, 53 ათასი აბონენტის შემოწმება კი იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ კომპანიის თანამშრომლებს სახლში არავინ დახვდა. ჯამში „თბილისი ენერჯი“ დაახლოებით 600 ათას აბონენტს ემსახურება.
შემოწმების შედეგად, კომპანიამ დარღვევები 4500-5000 აბონენტთან აღმოაჩინა, საიდანაცპრობლემების 80% გასაქირავებელ ბინებში დაფიქსირდა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა რეგიონებშიც – გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა გაუმართავი დანადგარების უმეტესობა სწორედ გასაქირავებელ ფართებში აღმოაჩინეს.
„სამწუხაროდ, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ გასაქირავებელ ბინებშია. ამასთან ერთად, პრობლემაა და დამატებით რისკებს აჩენს ისიც, რომ გაზის წყვეტა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია ფართის მეპატრონესთან მიდის და არა მასთან, ვინც ბინას ქირაობს. ასეთი ტიპის ინფორმაცია კი ბუნებრივი გაზის სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელი ამას მომზადებული უნდა შეხვდეს.
საჭიროა მხოლოდ ის, რომ მეპატრონემ დაწეროს თანხმობა და აღნიშნული შინაარსის შეტყობინება უკვე მას მიუვა, ვინც ბინაში ცხოვრობს. ასევე, *303# – ეს არის მომსახურება, სადაც შეტყობინების მიღებისთვის ტელეფონის ნომრის დამატებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ნინო გულეიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.




