დაზვერვის უფროსიც ამბობს, რომ არ იცოდა ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი ამბობს, რომ სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გააჩნდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მინისტრისგან ამაზე ინფორმირებული არ ვყოფილვარ… დაზვერვის სამსახური, ისევე, როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობენ თავის ჩარჩოებში. დაზვერვის სამსახური, სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა. დაზვერვის სამსახური აქტიურად არ არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მე რომ არ მცოდნოდა, ამაში პრობლემას მე ვერ ვხედავ“, — განუცხადა დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.
სუჯაშვილმა ჯერ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, პრობლემას ვერ ხედავს, რომ -მ საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. თუმცა შემდეგ ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა: „სამწუხაროდ, ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა მანამდე მცოდნოდა ეს ინფორმაცია“.
კითხვაზე, თუ დაზვერვის სამსახურის ინფორმირება მნიშვნელოვანი არ იყო, რატომ დაიბარა პროკურატურამ გამოკითხვაზე, სუჯაშვილმა უპასუხა:
„როგორც გითხარით, ჩატარდა რეფორმა. შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, არის კანონი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ. ეს კანონი არეგულირებს ამ საბჭოს საქმიანობას. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არის მუდმივი წევრი ამ საბჭოსი, აქედან გამომდინარე დამიძახეს მე“.
სუჯაშვილს ჰკითხეს, თუ საბჭოს წევრის რანგში კანონმდებლობა აძლევდა უფლებამოსილებას, რა გააკეთა, როცა გაიგო და შეატყობინა თუ არა პრემიერს საფრთხის შესახებ.
„ყველა სპეცსამსახური მუშაობს თავის ჩარჩოებში. არასწორად მიმაჩნია, როდესაც ერთი სამსახური მეორე სამსახურის საქმიანობაში ერევა. ოკუპაციის ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს არის საზღვრებს შიგნით რაც ხდება. საზღვრებს მიღმა მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჟენევის ფორმატი ხომ გაგიგიათ?“ — თქვა სუჯაშვილმა.
დავით სუჯაშვილი ერთადერთი მაღალჩინოსანი არ არის, რომელიც ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს აშენებული საგუშაგო კოშკის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი გახსნის შემდეგ გაიგო. იგივე გაიმეორა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, სუს-ის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და მაშინდელი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც თქვა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილია.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აშენებული საგუშაგოს შესახებ დისკუსია 6 წლის შემდეგ კვლავ განახლდა. ყველაფერი დაიწყო “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიით, სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამის შესახებ კითხვები დაუსვეს. გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საგუშაგოს გახსნის შესახებ ოსებისგან შეიტყო. ის და კომისიის სხვა წევრები გახარიას ედავებოდნენ, რომ საგუშაგო თვითნებურად გახსნა, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
„კიდევ კარგი, რომ ომის დაწყებას არ მაბრალებთ. ისეთი ტემპით მიდიხართ, რომ ომის დაწყებას დამაბრალებთ“, — განაცხადა გახარიამ სხდომაზე, რომელიც 14 აპრილს გაიმართა.
ზუსტად ორ თვეში ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურატურა იკვლევს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება:
· საბოტაჟს;
· დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
· უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში, დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
ჩორჩანის მოვლენებიდან 6 წლისთავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად გახსნა, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.
გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანის ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.
გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ გახდა საჭირო საგუშაგოების გახსნა ქართული მხრიდან. გახარია ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამში, 7 საგუშაგო უნდა გახსნილიყო და ამის შესახებ ინფორმირებული იყო ვახტანგ გომელაურიც. მალევე გახარია შსს-ს მინისტრობიდან პრემიერობამდე დააწინაურეს, შსს კი ვახტანგ გომელაურს ჩააბარეს.
„ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა ს ფედერაციის საგუშაგოები”, – განაცხადა გახარიამ.
მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შექმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული გეგმით გათვალისწინებული საგუშაგოები რუსებმა ჩადგეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს აცხადებს და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური უდასტურებს, რომ გიორგი გახარიამ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეუთანხმებლად ჩადგა და ქვეყანა „ომის ზღვარზე“ მიიყვანა, თუმცა 2019 წელს, გომელაურ-ლილუაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, სუსი ამბობდა, რომ საგუშაგო უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გაიხსნა.