დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრისას აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებით. მედიის ცნობით, „განსაკუთრებულად გაესვა ხაზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიულ როლს იმ შეთანხმებების მიღწევაში, რომლებიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინ წაწევას“
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა უკვე არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ ეს ასევე აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. მედიის ცნობით, ამ კონტექსტში მან აღნიშნა აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ასევე იმპორტირებული მარცვლეულის მიწოდება სომხეთში. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მარშრუტის პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული კავშირების გაძლიერებაში. მათ ასევე ტრამპის “მშვიდობის საბჭოზე” ისაუბრეს.




