„დავინახე ჩემს მეუღლეს ბევრი ურტყამდა“ _ რას ამბობს პოლიციელის ცოლი დავით შარაშიძესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს.   შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დასაკავებლად კიდევ ორ პირს ეძებენ.

ოფიციალური ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

მომხდართან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ დაზარალებული პოლიციელის გოგა ჯინჭარაძის მეუღლეს, მარგალიტა ბარამიძეს ესაუბრა.

„თავი სტკივა სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს. ექსპერტიზაზე იყო ბათუმში და როგორც კი სახლში მოვა ექიმთან უნდა წავიდეთ. მარტო ჩემი მეუღლე კი არა მეც ცუდად ვარ ამ წუთში. წნევა მაქვს“,_ გვპასუხობს ქალბატონი მარგარტა.

_ მომხდარის შესახებ თუ არ იცით, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

_ იმ წუთას იქ არ ვყოფილვარ. კონფლიქტის მიზეზი არ ვიცი.  რაც დავინახე ჩხუბი იყო და დაცვას დავუძახე. რაც დავინახე ჩემს მეუღლეს ბევრი ურტყამდა. გასისხლული, გალახული იყო ჩემი მეუღლე.

_ ქალბატონო მარიტა, ხომ არ ყოფილა თქვენს ოჯახზე რაიმე სახის ზეწოლა ან მცდელობა, რომ საქმე ჩაიფარცხოს, რადგან მოწინააღმდეგე მხარე მაღალჩინოსანია?

_ არა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

_ გამოძიებისგან რას ითხოვთ, გჯერათ თუ არა რომ კანონი იკანონებს, მიუხედავად ბრალდებულის სტატუსისა?

ასი პროცენტით დარწმუნებული არაფერში არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ კანონი იკანონებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ