ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, სავარაუდოა, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გადადება „მის ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდა, რომელიც თვალსაჩინო იქნებოდა დამსწრეებისთვის“ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა.
ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯანდიერი განმარტავს, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 ივლისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული და ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილის „დანახვა შესაძლებლად ჩაითვალა საზოგადოებისთვის“.
„გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა კვლავ გაუმჭვირვალედ და უკიდურესად არასაიმედო პროცესუალურ გარემოში ხდება.
გასულ კვირის დასაწყისში თბილისის სააპელაციო სასამართლოდან დამიკავშირდნენ, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს, და მაცნობეს, რომ მისი საქმის განხილვა ჩანიშნული იყო 24 ივლისს. მალევე, განმეორებით დამირეკეს და მითხრეს, რომ სხდომა „ტექნიკური მიზეზებით“ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც ეს მედიით გაჟღერდა, დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ სხდომის გადადება უკავშირდებოდა მის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც თვალსაჩინო იქნებოდა დამსწრეებისთვის.
დღეს, 28 ივლისს, სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ სხდომა ჩანიშნულია ზეგ, 30 ივლისს, 12:00 საათზე. ამ ეტაპზე გიორგი გამოწერილი არ არის, თუმცა მისი დანახვა როგორც ჩანს, შესაძლებლად ჩაითვალა საზოგადოებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც მისი ადვოკატი, ამ დროისთვის არ ვიმყოფები საქართველოში (ვბრუნდებოდი 4 აგვისტოს) და ამის შესახებ ვაცნობე სასამართლოს სხდომის გადადებისთვის – თუმცა ეს ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული. ამის გამო, იძულებული ვარ, ფორსირებულ რეჟიმში, ვეძებო გზები საქართველოში ხვალ დასაბრუნებლად და ამის გამო, არ მექნება საკმარისი დრო და საშუალებები ჩემს კოლეგასთან ერთად შევხვდე გიორგის.
პროცესის ადმინისტრირება აჩვენებს, რომ დაცული არ არის მხარეთა ინტერესები და სხდომების დაგეგმვის წესი უკავშირდება არა საქმის სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სტანდარტებს, არამედ, როგორც ჩანს, გარე მიზანშეწონილობას“,- წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე. კერძოდ, მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამასთან, ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აღსანიშნავია, რომ 14 ივლისს, ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
