დავით ბაჩიშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერის მოწმის სტატუსით გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ საათს გაგრძელდა.
ჯანდიერის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით სურდა, თუმცა ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან იყო თანახმა.
გამოკითხვიდან გამოსულმა დავით ჯანდიერმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას კითხეს იცნობდა თუ არა ქემოკლიძეს.
“ქემოკლიძეს არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრილვარ, თვალითაც არ მინახავს, შესაბამისი იყო ჩემი პასუხი. ასევე მკითხეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის დროს [ჯანდიერი 2012 წელს იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე] მქონდა თუ არა ურთიერთობა პენიტენციურ დაწესებულებასთან, მკითხეს, როდის გავიგე ”.
ჯანდიერის თქმით, ასევე იყო კითხვები გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, თუმცა თანხმლებმა ადვოკატებმა, რომლებიც ამჯერად კოლეგის უფლებებს იცავდნენ, არ მისცეს უფლება კითხვები გაეცა, რადგან უკანონოა ადვოკატს კლიენტთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა.
ჯანდიერს არაერთმა კოლეგამ გამოუცხადა სოლიდარობა, მას შემდეგ რაც ის გამოკითხვაზე დაიბარეს, არაერთი თან ახლდა გამოკითხვაზე.
· გიორგი ქემოკლიძეს,რომლის საქმესთან დაკავშირებითაც ჯანდიერი გამოკითვაზე დაიბარეს, პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინა.
· სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
· პროკურატურის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების თანახმად, გიორგი ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოეყენებინა პირადი ინტერესებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
· “აღნიშნული მიზნით, გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ”, – აცხადებს პროკურატურა.
· ჯანდიერის დაკითხვამდე პროსამთავრობო “პოსტ ტვ”-მ გაავრცელა რომლის თანახმადაც, თითქმოს დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების.
