დავით ხომერიკს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

დავით ხომერიკის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავდა – ის აქციებზე დაკავებული და პოლიტპატიმრად მიჩნეული არაერთი სხვა ადამიანის საქმეების მოსამართლეცაა. ნინო გალუსტაშვილმა უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მათე დევიძის, გიორგი მინდაძის, თემურ ზასოხაშვილის, დავით ლომიძისა და დავით ხომერიკის შემთხვევებში.
მოსამართლემ გადაწყვეტილება 15 აგვისტოს, ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის შემდეგ გამოაცხადა, სათათბიროდ გასვლის შემდეგ, 15:02 საათზე.
„ეს არის სრული აბსურდი და სისულელე, მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ ჩამიდენია, პროკურატურას არ აქვს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები… მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურორი ყოველ სიტყვაში მის მიერ გამოგონილ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იმეორებს, რომლის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ”, – თქვა დავით ხომერიკმა 15 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც დასკვნითი სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა. მან სასამართლოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მის საქმეზე გამოკითხულ მოწმე პოლიციელებს მიიჩნევს “ცრუ მოწმეებად”, რომლებმაც მასზე დაკავებისას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს.
დასკვნით სიტყვაში ხომერიკმა აღნიშნა, რომ „ ყველაფრის მიუხედავად”, მაინც აქვს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი.
„ეს ხომ თქვენი ბრძოლაცაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის შენარჩუნებისთვის, იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ შეინარჩუნოთ სამართლიანი სასამართლოს იმიჯი, ხალხი იმსახურებს სამართლიანობას”, – უთხრა მან მოსამართლეს.
„თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ, იმ იმედის, რომელიც ყოველდღიურად რწმენითა და მოტივაციით მავსებს და თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია… ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს”, – ბრალდებულის სკამიდანუთხრა მან ამავე დასკვნით სიტყვაში ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
26 წლის დავით ხომერიკი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი დეკანოზია. ჰყავს ერთი ძმა და ერთი და.
ის ძმასთან, ზუკა ხომერიკთან ერთად, 2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დილის 9 საათისთვის დააკავეს.
პოლიცია ამბობს, გზას ხელოვნურად კეტავდნენ და ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილნენო. ზუკა ხომერიკის პროცესი დაკავებიდან მალევე გაიმართა, ის სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დავითის ბრალეულობაზე პოლიციას ჯერ არ უმსჯელია.
გამოძიების მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დავითი და მისი ძმა გაჩხრიკეს და სწორედ მაშინ იპოვეს დავითის ზურგჩანთაში „მოლოტოვის კოქტეილები“.
ამის შემდეგ საქმეში კრიმინალური პოლიცია ჩაერთო.
2 დეკემბერს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ძმები ხომერიკები აქციის მონაწილეებთან ერთად მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც პოლიციამ რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა დაიწყო და მათ ქუჩებში დაედევნა. რამდენიმე ადამიანს სცემეს და დააკავეს მეტრო „რუსთაველის“ ვესტიბიულშიც.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებიდან განყოფილებამდე, გზად, “მარშრუტკაში” დავით ხომერიკს სცემეს. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება