დავით ხომერიკი – არ დავხუჭავ თვალს და საბედნიეროდ, ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ ძალადობის გამომწვევი ჩვენი ხელისუფლებაა, მათ ეშინიათ ჩვენი სიმართლის – არ ვაღიარებ ბრალს, მჯერა, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არა ჩამიდენია! – პატივცემულო მოსამართლევ, მჯერა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულმა 26 წლის დავით ხომერიკმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. ამ წუთებში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად, სათათბიროდ არის გასული.
„პირველ რიგში, თედოს [აბრამოვის] ამბავი ყველას გაგვიხარდა, ვულოცავ თავისუფლებას, ის ახლა ჩვენ შორის ყველაზე თავისუფალი ადამიანია.
ახლა ყველა ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე, სადაც სიმართლე დასჯადია. დიდი ხანია ბრძოლაში ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, რომ ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა ამ მიზნისკენ ეკლებითაა სავსე… დიახ, ეს ის მიზეზებია, რის გამოც ჩვენ ახლა ციხეში ვსხედვართ და ვერ გაგვიგია, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები სიმართლისთვის ბრძოლის გამო.
ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მასწავლეს, რომ რწმენით მეცხოვრა და დღემდე არ გადამიხვევია ამისთვის, ამაში მუსიკა და ხელოვნება დამეხმარა… რაც შეეხება ჩემს პროტესტს, ამას ყოველთვის მშვიდობიანად გამოვხატავდი, ამას ჩემი მუსიკით და სიმღერით გამოვხატავდი რადგან სახალხო გამოსვლები არასდროს მყვარებია.. ყველაფერი კი ე.წ. გავრილოვის ღამეს დაიწყო, როდესაც ხალხი რუსი ოკუპანტის ჩამოსვლას აპროტესტებდა. ხალხს გაუსწორდნენ, აქციაზე დაშავდნენ ჩემი მეგობრები, რამაც მათზე კვალი დატოვა, აქ იკვეთება ს ჰიბრიდული ომი. ამ სისხლიანმა დღემ გადამწყვეტი როლი ითამადა ჩემს ცხოვრებაში. არ დავხუჭავ თვალს და საბედნიეროდ ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ამ ძალადობის გამომწვევი ჩვენი ხელისუფლებაა, მათ ეშინიათ ჩვენი სიმართლის, მას წამლავენ და ბოროტებას წინ მიუძღვებიან.
რაც შეეხება ჩემს ამ ცხრათვიან გაურკვევლობას და შეკერილ ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი! არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არ ჩამიდენია! პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ პროკურორი ყოველ წინადადებაში გამოგონილ “მოლოტოვის კოქტეილს” იმეორებს, მოჰყავს ცრუ მოწმეები, მათ უმეტესობას სახეზე არც ვიცნობ, ხოლო ვისაც ვიცნობ მათ ჩემ მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.
პატივცემულო მოსამართლევ, მიუხედავად ამისა მე მჯერა რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყოთ დამოუკიდებელი, ხალხს დაუბრუნდეს სამართლიანობის გრძნობა, ხალხი იმსახურებს სამართლიანობას. მოგმართავთ საზოგადოებას, ხალხს, ოჯახს, ყველას, რომ ჩემი იმედის სხივები და ვარსკვლავები ხართ, ეს სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია. რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს”,- განაცხადა დავით ხომერიკმა.