დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებს ტოვებს და საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის

დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. ეს ინფორმაცია “მთავარ არხს” ხიდაშელმა პირადად დაუდასტურა.
სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი არ აკონკრეტებს რატომ ტოვებს რაჭის ტყეებს, თუმცა აქვე განმარტავს რომ მას სახელმწიფომ შესაბამისი პირობები არ შეუქმნა და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა.
როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ, თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. კომპანია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და ამ დროს თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
20 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თქვა, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ დავით ხიდაშელი გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების, ასევე, სახელის შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზიასა და კომპანიას ყიდის. ხელშეკრულება ფორმდება.
უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; ასევე მეწილე გახდება სხვა ქართული კომპანიაც.