დავით ხიდაშელის კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სამტრედია ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის თერმული წყლის რესურსის გამოყენებას შეძლებს

დავით ხიდაშელის კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სამტრედია ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის თერმული წყლის რესურსის გამოყენებას შეძლებს
სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროცესს ოფიციალური სტარტი მიეცა, ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მიაღწია შეთანხმებას შპს „გლობალ ვიქტორ ჯორჯიასთან“, რომლის შედეგადაც სამტრედიას ოფიციალურად მიენიჭა უფლება ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის თერმული მინერალური წყლის რესურსის გამოყენებაზე.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას წყვეტს და ახალი პერსპექტივებს უხსნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. მუნიციპალიტეტი აქტიურად იმუშავებს აღნიშნული რესურსის სწორად გამოყენებასა და მისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებაზე.
სამტრედიის მერის განცხადებით, ქალაქს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ დაიბრუნოს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრის სტატუსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებად იქცეს.
„მრავალი წლის შრომის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თერმულ-მინერალური წყლის ლიცენზიის მფლობელთან და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამტრედიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა – გავხსნათ ქალაქი ახალი ინვესტორებისთვის. ბალნეოლოგიური კურორტი თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ აღვადგინოთ მისი ისტორიული ფუნქცია და სამტრედია ვაქციოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე მოთხოვნებს შესაბამისი“, – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.
ცნობისთვის, ბალნეოლოგიური კურორტი ,,სამტრედია“ 1975 წელს დაარსდა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წყალი უნიკალურია თავისი თვისებებით. კერძოდ, ტემპერატურა 60-630C, მინერალიზაცია 3,415 მგ ექვივალენტი. 2,0 მგ, ექვივალენტის ზევით წყალი იწოდება მინერალურად, შესაბამისად არსებული წყალი იწოდება თერმო მინერალურად. მსგავსი სამკურნალო წყალი არსებობს მაცესტაში და შვეიცარიაში.
1994 წელს კურორტი ჩამოყალიბდა, როგორც სააქციო საზოგადოება. 51% წილის მფლობელი დარჩა სახელმწიფოს, ხოლო 49% აქციები შეიძინა თანამშრომლებმა. სხვადასხვა დროს 51% აქციებიც გაიყიდა და 100% წილის მფლობელი გახდა გოჩა ნადირაძე. 5000მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზედაც წყალი ამოედინება, მესამე პრეზიდენტის ს განკარგულებით, გადაეცა შ.პ.ს. ,,თერმო ვოთერ ჯორჯია“-ს 1(ერთი) ლარად. ასევე გადაეცა წყლის მოხმარების ლიცენზია 30 წლით, თუმცა როგორც ამბობდნენ, მინერალური წყლის ტენიკური დანიშნულების მიზნით გამოყენება დაუშვებელია, რისთვისაც მოახდინეს მინარალიზაციის დაწევა და წყალი აქციეს უბრალო თერმულ წყლად.
დღეისათვის აღნიშნულ ობიექტს ფლობს შ.პ.ს. ,,გლობალ ვიქთორი ჯორჯია“, რომლის 100%-ის მესაკუთრე ბიზნესმენ დავით ხიდაშელის, არაბეთის საამიროებში რეგისტრირებული კომპანია GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED-იაა.