საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება პატიმრების სახეები მისჯის შემდეგ, როგორ ტოვებდნენ დარბაზს.
გულგატეხილი — რადგან სანამ ახალგაზრდა ხარ, სანამ სუფთა ხარ, სანამ ბავშვი შენში ჯერ კიდევ ცოცხალია — გჯერა ადამიანის და ადამიანობის, რომ არ გაგწირავს.
ჩვენ ვბერდებით, როდესაც ვრწმუნდებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაგვწირონ.
შენი ალბათ ცხოვრებაში ყველაზე გულწრფელად ნათქვამი სიტყვები არაფრად ჩააგდონ.
გავიდნენ სათათბიროდ, ხინკალი ჭამონ, სანამ დარბაზში სულმოუთქმელი მოლოდინია;
მერე ათამდე მანდატურით გააკეთონ
ცოცხალი კედელი ორი პროკურორის გარშემო, დანაყრებული სახით გამოვიდენენ, თერთმეტ კაცს მოგისაჯონ და მორჩა.
გარეთ გამოსულს ახლობელი დამხვდა, რომელიც სოფელში გდდ-ს თანამშრომელთან ერთად მოხვედრილა სუფრასთან:
თავს იწონებდა, პლასტმასის ფეხსაცმელები გვაცვია, გვერდიდან თუ დაარტყი კბილებში, ყველა კბილს ერთად უმტვრევსო.
ამისი დაჯერება არ მინდა, არ გინდა…
და სწორედ ამ დაუჯერებლობით ყოველ ჯერზე კაცობრიობის ისტორიაში სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე, სიცოცხლემ — სიკვდილზე.
ცხრამეტი კაცი ორ დღეში ჩასვეს ციხეში, კიდევ სამი, და ერთი გაათავისუფლეს.
რიცხვებით ადამიანებზე ლაპარაკი მკრეხელობაა.
ცხრამეტი ოჯახი, სამეგობრო უსამართლოდ კიდევ სულ მცირე წლინახევრით დატოვეს საყვარელი ადამიანის გარეშე.
და ისე გეგმავენ გამოცხადებებს, რომ ოცი მისჯის შემდეგ ერთის გამოშვება იქვე გაზეიმონ: დარდი არ დაგაცალონ, იქვე სიხარულის მომსწრე გაგხადონ.
ამისთვის “ფსიქოლოგიური იარაღის” დარქმევაც მკრეხელობაა.
რადგან სევდაშიც მარტო გტოვებენ, სიხარულით უნდა გადაგიგლისონ გული.
სხვისი ღიმილი აგაკრან ცრემლიან თვალებზე.
გაორება შემოიტანონ შენში — რომ თან გამწარდე და თან გაიხარო. ორი უსაფუძლოდ მისჯილიდან ერთი ამხიარულონ მეორე ატირონ.
სევდა ვეღარ გამოხატო, სიხარული ვეღარ გამოხატო. სახლში დაბრუნდე და ერთის ტკივილი სიხარულს არ გაცდიდეს, მეორეს სიხარული ტკივილს.
დღეს ანდრო ჭიჭინაძემ უთხრა, მომიტევებია როგორ უსამართლოდაც მომექეცითო…
შვილთან არგატარებული თითოეული წუთი — რა ძვირფასია?! – ვინც იცის, იმან იცის, რა მიუტევა ანდრო ჭიჭინაძემ თითოეულს.
ნათქვამია: მივუტევე და მეგონა, დამნაშავე გავათავისუფლე, სინამდვილეში საკუთარი თავი გამითავისუფლებიაო.
ეგ არის! და რა გაათავისუფლებს ამ ადამიანებს იმ სასჯელისგან, რაც ამ დღეებში საკუთარ თავებს მიუსაჯეს?!
არადა, ჰქონდათ შანსი — საკუთარი თავის გათავისუფლების.
ჩვენ რა? ჩვენ ამ მწვალებლობაზე, რომელზეც ეკლესიაც კი დუმს, ერთი პასუხი გვაქვს:
ბრძოლა ბოლომდე! — გახრწნის, გადაგვარების, სქელკანიანი სიბეცის წინააღმდეგ.
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის სახით ამ ქვეყნის საზოგადოებამ, დემოკრატიამ, ევროპულმა მომავალმა ისეთი ძრავა შეიძინა, რომელსაც წინ ვეღარაფერი დაუდგება.
გამარჯვება პატიმრების ოჯახებს!
მედგარი პიროვნებების აღმზრდელებს, ვინც დადგა და დგას ბოლომდე.
არ შეძრწუნდეთ, ჩვენც დავდგებით ბოლომდე. მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა.
არცერთი მათგანი მისჯილ ვადას არ მოიხდის.