საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
ორი ძირითადი ფოტო და ვიდეო მხვდება ბოლო დროს. ტელევიზიას იშვიათად ვუყურებ, მაგრამ, რამდენი ჩავრთე, იქაც იგივეა.
როგორ დადის ბატონი ირაკლი კუპრაძე გაღიმებული სახით, ესალმება ადამიანებს, იწვევს არჩევნებზე, ეფერება კატებს…
და როგორ გვიწვევენ ბატონები ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე — 4 ოქტომბერს რეჟიმის მშვიდობიანად დასამხობად.
მაქვს კითხვები, მაგრამ არ მაქვს პასუხები:
– როგორ იგებენ არჩევნებს?
– იმ დღესვე როგორ ამთავრებენ რეჟიმს?
ჩემთვის დემოკრატიული პროცესი გამჭვირვალე, რაციონალური პროცესია.
ტრიუკები, კონსპირაცია, “deep state”-ი, “კიევს სამ დღეში ავიღებ” — რეჟიმისა და რუსული რეჟიმის მახასიათებლებია.
რის წინააღმდეგაც ვდგავარ ამდენი დღეა… და ვიდგები ბოლომდე, გამარჯვებამდე და არა კონკრეტულ თარიღამდე.
“თბილისის გამოგლეჯა”, რომ დავიჯერო, ამისთვის უნდა წარმომიდგინო არგუმენტები. სანდომიანი ღიმილი და ალერსიანი ჩახუტება ასეთი მტკიცებულება არ არის.
“მშვიდობიანი დამხობა” — “უბიწო ჩასახვა” არ არის, რომლის ან გწამს ან არა. ეთერში აღშფოთებული ლაპარაკი, რომელიც დროდადრო ღრიალში გადადის, ამაში არ მარწმუნებს.
შეიძლება დავიღალე და მინდა, რომ რეჟიმი მალე დასრულდეს; შეიძლება, რეჟიმმა იმდენი დააშავა უკვე, რომ ხშირად ბრაზი მახრჩობდეს…
მაგრამ ამაში — თუ საზოგადოება არ დამიდგა გვერდით, მარტო მე და თავდადებული პატიმრები, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები — ვერაფერს გავხდებით.
საზოგადოება უნდა გამოვიდეს და უნდა დადგეს. რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. იზოლაცია კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს…
ნახეთ, რამდენი დღეა ვდგავართ;
ნახეთ, ყველა პოლიტიკოსი ციხეშია;
ნახეთ, როგორ გვექცევა რეჟიმი, დაგვცინის, გვავიწროებს;
ნახეთ, ახლა მოადგა რუსთაველს და თითოეულ მის წევრს აშავებს და უდგენს საქმეს, რომ ასეთი პროტესტიც აღარ დარჩეს…
და მიუხედავად ამისა, თუ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად არ დაირაზმა, კიდევ უფრო მტკიცედ არ დაუდგა კანონგარეშე უზურპატორების ვიწრო წრეს, ჩვენ განწირულები ვართ.
ყველაფერი, რაც არ არწმუნებს საზოგადოებას ამაში, გამოიყურება ყალბად და აგდებს “სანატრელ” მუხტს.
“ლელოსა და გახარიას” გასვლა არჩევნებში მუხტს მხოლოდ აგდებს; ჩვენი ბრძოლის სარწმუნოობას მხოლოდ ასუსტებს.
“რეჟიმის დამხობა” 4-ში საღამოს და მანამდე — 3-ში ბატონი ბ.ივანიშვილის გაქცევა — შეიძლება ძალიან ბევრს სწყურია, მაგრამ ამის წინასწარ გამოცხადება უფლებას აძლევს რეჟიმს:
მანამდე გაგვისწორდეს და, წარუმატებლობის შემთხვევაში, მეორე დღიდან დანერგოს ტოტალური სასოწარკვეთილება და ნიჰილიზმი.
და ამ მდგომარეობიდან საზოგადოების გამოსაყვანად ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო დიდი დრო.
არადა კარს არის მომდგარი უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რისიც რეჟიმს პანიკურად ეშინია; რადგან ეს იქნება ღია ჭრილობების მიყენება საზოგადოებისთვის.
რომელიც ეტკინება ყველა ოჯახს, სტუდენტს, ავადმყოფს… და ალბათ იქნება ახალი ეტაპი ჩვენს წინააღმდეგობაში.
რადგან ყველა — უკლებლივ ყველა — არათუ დაინახავს, არამედ იგრძნობს, რომ კარგავს და კარგავს ძალიან ბევრს, ყველაფერს: თანამედროვე ცხოვრების წესისთვის, აზროვნებისთვის.
სწორედ ამ დროისთვის რეჟიმს ყველაზე მეტად აწყობს ჩაკლული, იმედგაცრუებული წინააღმდეგობა — წინასწარ მოჭრილი, ასაზვირთებელი ტალღა.
ამიტომ ბოლომდე ვერ მივყვები ყალბ არჩევნებში ფორმალურ მონაწილეობას, წინასწარ დათქმულ თარიღებს, რომლის ჩასახშობად რეჟიმი ყველაფერს იღონებს — როგორც მანამდე, ისე იმ დღეს და მის მერე.
არ ვემხრობი არჩევნებზე მიპატიჟებას, რომელიც უკვე გაყალბებულია. არ ვემხრობი ყრილობაზე მიპატიჟებას, რომლის მიზანიც, საკითხებიც არ ვიცი. არ ვემხრობი მშობლისთვის დაპირებას, რომ 4-ში საღამოს შვილი სახლში ეყოლება…
ყველაფერი ასეც რომ მოხდეს, მაინც არ ვემხრობი.
ამით არც მუხტს ვკლავ, არც რეჟიმის გახანგრძლივება მინდა; არც ეჭვი შემაქვს თითოეულის დადებით განზრახვებში — უბრალოდ ასე აზროვნება მიჭირს.
ნებისმიერმა ევროპელმა იცის, რომ აუსრულებელი მოლოდინი ნიშნავს ჯერ აგრესიას იმის მიმართ, ვინც მოლოდინს შეგიქმნის-გაგიცრუებს, და შემდეგ — აპათიას და სასოწარკვეთილებას.
ამიტომ ვფრთხილობ.
კარგი აზრია, რომ თუ არ მიდიხარ არჩევნებზე გამოხვიდე რუსთაველზე, ვიყოთ იმდენად ბევრი, როგორც არასდროს…
მაგრამ მანამდე თქვა, რომ დამხობას გეგმავ და ამის საფუძველზე რეჟიმის პროპაგანდამ დააშინოს საზოგადოება არეულობით; მოიპოვოს უფლება, რომ გაუსწორდეს ყველა პოლიტიკურ პირს, აქტივისტს, გააშავოს, დააპატიმროს…
ადამიანები, რომლებმაც ათი თვეა მთელს მსოფლიოში დაანახეს, რომ არიან ძალიან მშვიდობიანები, თანმიმდევრულები და არასდროს შეეგუებიან ქვეყნის უზურპაციასა და დასავლური კურსიდან გადახვევას.
დაამტკიცეს, რომ არიან ქვეყნის სინდისი, მომავალი — საზოგადოება, რომელიც იქცევა ქვაკუთხედად ჩვენი დემოკრატიულობისა და ევროპულობის.
წინააღმდეგობის მოძრაობა არ არის არც ერთი პარტიის, არც ერთი პირის საკუთრება — რა საშუალებაც არ უნდა ჰქონდეს: სახელი, ფული, ტელევიზია…
ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ერთმანეთს არ ვუპირისპირდებით, მაგრამ გვაქვს უფლება ვთქვათ:
რომ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ;
რომ პატიმარს და მშობელს დაპირებას ვერ მივცემთ, რომ 4-ში შვილი სახლში იქნება;
საზოგადოებას ვერ ვეტყვით, რომ თუ თავად არ იბრძოლებს — საყოველთაო ძალისხმევის გარეშე — დასრულდება უბედურება, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.
კონკრეტულად რას გთავაზობ? – გთავაზობ ბრძოლას ბოლომდე. რომ გადაარჩინო ქვეყანა და გადაირჩინო საკუთარი თავი.
ისე როგორც იბრძვიან პატიმრები,
წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები…
პოლიტიკოსები,
აქტივისტები…
ისე, როგორც შეგიძლია თავად. პირადი პასუხისმგებლობით.