“ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უვიზო მიმოსვლა, დასავლური სტანდარტებით შექმნილი ჯანდაცვა, უსაფრთხოება, კვება…
ბატონმა ბ.ივანიშვილმა 2000-იანი წლებიდან ღარიბ ქვეყანაში გააჩინა რუსული წარმომავლობის ფულის წყარო, დაასახელა მისი ოდენობა 7 მილიარდი დოლარი.
ამ ფულმა შეაღწია საზოგადოების ყველა სფეროში, მაშინვე ქველმოქმედების სახელით დაუკავშირდა ცნობილ ადამიანებს, ბიზნესმენებს, მშენებლებს, სახელმწიფო უწყებებს…
ახლა როდესაც ამბობენ, რომ მსახიობები რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის დანგრევას მოისყიდეს, გაწვრთნეს… იგივე წარმატებით შეიძლება უწოდო მოსყიდვა ყველა იმ სიკეთეს, რომელიც რუსული წარმომავლობის ფულით გააკეთა ბ.ივანიშვილმა წლების განმავლობაში.
ფულმა რომელსაც დაერქვა სიკეთე და ქველმოქმედება ჯერ მოახდინა სახელმწიფოს მიტაცება და ახლა გამოუცხადა ბრძოლა დასავლეთს; დაიწყო საქართველოს იზოლაცია და დაბრუნება რუსულ წიაღში.
დღეს 2025 წლის 31 მაისს, რუსული წარმომავლობის ფულით დამყარებულმა ავტორიტარიზმმა აამოქმედა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მთლიანად კეტავს დასავლეთიდან ფულის შემოდინებას და აცხადებს მას მტრულ საშუალებად.
ეს არის საქართველოში დემოკრატიის წელში გაწყვეტის საბოლოო ფაზა, ყველაფერი დასავლურის დადამღვის, აგენტებზე და ავ სულებზე ნადირობის კამპანია.
ჩვენთან ხშირად ეიმედებათ სანქციები, რომ დასავლეთი გადაუკეტავს ფინანსურ რესურსს ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, სასტიკად გვექცევიან და ხელს უწყობენ რუსეთის შემოსვლას, მაგრამ ბოლომდე ვერ ხედავენ, რა არის სანქცია და როგორ შეიძლება იყოს ეფექტური.
სანქცია ეფექტურია თუ საზოგადოება ძლიერია, თუ აქვს ხერხემალი და სახსარი რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევის. თუ რეჟიმი მძლავრობს და ჩაგრავს საზოგადოებას, მაშინ სანქციით საზოგადოება კიდევ უფრო უძლურდება.
ამიტომ სანქციას ყოველთვის თან ერთვის საგარეო დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ როდესაც პოლიციელი გაგიტაცებს, გცემს და გაწამებს, ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი ან ადამიანთან ჯგუფი, რომელიც მოგძებნის, გინახულებს და შენს მიმართ არაადამიანურად მოპყრობის შემთხვევას გაასაჯაროებს, გაასაჩივრებს… მოკლედ, გადაგარჩენს.
ასეთი ორგანიზაციების სახელები თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით. აი, ამ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ გამოაცხადა ნადირობა რეჟიმმა.
რომ თქვენ არ გყავდეთ გამომსარჩლებელი ოჯახის წევრის და მეგობრის გარდა. რომ არავინ მოსთხოვოს პასუხი მოსამართლეს, პოლიციელს… არავინ აღმოაჩინოს ფულის გამოძალვა, ქრთამი…
რომ საქართველოს გაწევრიანება დასავლურ ოჯახში არათუ გაჩერდეს, ჩვენგან ჩამოყალიბდეს გაველურებული ანტიდასავლური ანკლავი.
კანონი, რომელსაც დაარქვეს ამერიკული, რომ ამით გადაიფაროს მისი რუსული მიზნები და შინაარსი სამიზნედ იღებს ნებისმიერი ფორმის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, ნებისმიერ გამოთქმულ აზრს… პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
სამიზნედ იღებს ნებისმიერ კონტაქტს უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელთან, ორგანიზაციასთან… იქნება პარტნიორი ქვეყანა თუ მტერი; მისგან მიღებულ რჩევას, ფულს, მომზადებას… და პირიქით, თქვენს მიერ გაზიარებულ აზრს, შეხედულებას…
და ამისთვის გიწესებთ ანგარიშვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, მუდმივს, სავალდებულოს…
და რომელიმე მათგანის დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გაკისრებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა. ისჯება პატიმრობით 5 წლამდე ვადით ან 10 000 ლარიანი ჯარიმით.
სახელმწიფოს მოკვლევას ექვემდებარება რჩევის და ფულის გამცემიც და მიმღებიც, პირების სრული პერსონალური მონაცემები, დგება რეესტრები, სადაც ასეთი პირები იქნებიან აღრიცხული, წარწერა, დამღა “უცხოეთის აგენტი”… რომელიც თან გდევთ ყველგან, და რომელიც თავად უნდა გააცნოთ პირს, რომელთანაც გექნებათ ურთიერთობა.
ამ ზოგადი მიმოხილვითაც ალბათ გასაგებია, რომ რეჟიმს განზრახული აქვს სამოქალაქო საზოგადოების, დასავლეთთან ურთიერთობების საბოლოოდ განადგურება.
ერთია, რა აქვს განზრახული და მეორეა, რის აღსრულებას შეძლებს. და ვისი ხელით შეძლებს ამის გაკეთებას. და რამდენად შეეგუება საზოგადოება მისი ღირსეული, განვითარებული მომავლისთვის ჰაერის გადაკეტვას.
რამდენად გავიაზრებთ, რომ ხდება ჩვენი არათუ ჩახშობა და დახშობა არაადამიანური მოპყრობის, ყოფის გარემოში, არამედ ყველა თანამედროვე სტანდარტის და ზედამხედველობის მექანიზმის უბრალოდ გაუქმება.
ჩვენ არათუ ვდგამთ ნაბიჯს მეტი სამოქალაქო დაცულობისკენ, სამართლიანი სასამართლოსკენ, უვნებელი საკვებისკენ, დაცული ბავშვისკენ, განკურნებული ავადმყოფისკენ, თავისუფალი უსაფრთხო მიმოსვლისკენ…
ჩვენ უბრალოდ გვართმევენ ყველაფერს, რასაც დღეს შეიძლება ეწოდოს თანამედროვე, მაკურნებელი, მშვიდი, უსაფრთხო.
თუ რეჟიმმა ამისი რეალიზება შეძლო და ამას მხოლოდ თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღვუდგეთ წინ, ჩვენ აღმოჩნდებით სიბნელესა და განუკითხაობაში.
ამიტომ გავიაზროთ, რომ გადავდივართ ბრძოლის კიდევ უფრო დაუნდობელ ეტაპზე, სადაც ან დავრჩებით რუსული ძალმომრეობის, ტირანიის პირობებში ან ვინარჩუნებთ და კიდევ უფრო ვაძლიერებთ იმას, რაც ათწლეულებით მოგვიპოვებია.
მხარდაჭერა თითოეულ ადამიანს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უკვე ათწლეულებია ემსახურება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელმაც ჩამოაყალიბა დემოკრატიული თვითშეგნება, ადამიანებს დაუბრუნა საკუთარი თავის რწმენა, ღირსება და დაანახა უკეთესი მომავლის შესაძლებლობა.
არ აჰყვე რუსული წარმომავლობის ფულით აგორებულ სიყალბეს, არ გაწირო მომავალი. არ შეეგუო უღირს, მდაბიო ყოფას!” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.