დავით ჩხეიძე: არსებობს სტალინის წერილი დედას: “Я работаю царем”

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ირანი ჩემი შესწავლის ერთ-ერთი მთავარი საგანია მისი მნიშვნელობის გამო – ისტორიულად საქართველოსთვის და რეგიონისთვის მთლიანად.
ამიტომ დავწერ რამდენიმე შტრიხს უფრო ნათელი წარმოდგენისთვის.
მონარქიიდან დემოკრატიაზე გადასვლა თითქმის ყველგან გაშუალებულია ავტორიტარული მმართველობებით.
თითქოს საზოგადოება ადვილად ვერ გადადის. არსებობს სტალინის წერილი დედას: “Я работаю царем”.
, თურქეთი, გერმანია… და ბევრი სხვა საზოგადოება ადვილად ვერ თმობს პატრონს, ბატონს, მპყრობელს – პოლიტიკურ თუ რელიგიურ მამას.
ადამიანსაც ბევრს უჭირს მამისგან გათავისუფლება, რომელიც ან ძლიერად არის წარმოდგენილი მის ცხოვრებაში, ან პირიქით – არ არის და მისი ხატი გაიდეალებულია.
ირანიც არ არის გამონაკლისი. ყაჯარების დინასტია გადატრიალების გზით ჩაანაცვლა სამხედრო პირმა, რომელმაც გვარად ფეჰლევი აირჩია. ისლამამდელ ირანთან გასაიგივებლად.
არაფერი დინასტიური და ისტორიული
ახალ შაჰში არ იყო, მხოლოდ თვითნებურად დარქმეული წოდება.
აღმოსავლეთის ქვეყნებმა დააგვიანეს იარაღის წარმოება, ამიტომ მათი უმეტესობა დასავლეთის კოლონიად იქცა.
ზოგადად დასავლეთმა რეგიონში ისლამის შესასუსტებლად და ერ-სახელმწიფოების მშენებლობის წასახალისებლად გამოკვეთა მათი ისლამამდელი ისტორია, მაგალითად, ეგვიპტეში.
არ იყო გამონაკლისი არც ირანი. ნავთობის მოპოვებასთან ერთად ირანი მთლიანად მოექცა ბრიტანული კომპანიების საკუთრებაში.
1951 წელს ფეჰლევის მმართველობა ჩაანაცვლა დემოკრატიულად არჩეულმა მოჰამედ მოსადეყის მთავრობამ.
ეს იყო სასწაული რეგიონისთვის, რადგან
ირანში მოხდა საზოგადოების მხარდაჭერით დემოკრატიული, კომპეტენტური ხელისუფლების არჩევა.
თავად მოსადეყიც იყო ეროვნულ საფუძველზე აღმოცენებული, გამოცდილი მმართველი – ძლიერი მორალური საყრდენით.
მაგრამ, როგორც ამბობენ, იდეალისტური ხედვით საგარეო პოლიტიკაში, რადგან მალევე მოინდომა იმ უსამართლობის გასწორება, რასაც კოლონიური ირანი განიცდიდა.
როგორც იხსენებენ, ორი სახის ავტობუსი დადიოდა ქალაქში – კეთილმოწყობილი ბრიტანელებისთვის და გადატვირთული, უვარგისი ირანელებისთვის.
ირანელი სამშობლოში ვერასდროს გახდებოდა მფლობელი ან მიიღებდა მონაწილეობას ნავთობის წარმოებაში.
მოსადეყმა გამოაცხადა ნავთობის ნაციონალიზაცია.
ირანს უნდა გაეუქმებინა პრივილეგიები, რომლებიც ფეჰლევის ჰქონდა მიცემული ბრიტანელებისთვის, და ნავთობი ისევ დაებრუნებინა ირანელი ხალხისთვის.
ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ამერიკის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დახმარებით მოსადეყი დაამხვეს.
და გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოიყვანეს შაჰი – ვესტერნიზაციის მტკიცე კურსით.
სწორედ მაშინ იყო დაშვებული უმძიმესი შეცდომა, რამაც ირანს შეჰყარა დაავადება, რაც ამ დრომდე ტანჯავს.
შაჰის ხელისუფლება ძალდატანებითი რეფორმებით წინააღმდეგობაში მოვიდა ირანის ბუნებრივ განვითარებასთან.
წინააღმდეგობის გაღრმავებას, ყოველ ჯერზე შაჰმა უპასუხა უფრო სასტიკი რეპრესიებით.
ამან მორალური ავტორიტეტი შესძინა რელიგიურ ჯგუფებს, კერძოდ – პირადად აიათოლა ხომეინის.
1979 წელს შაჰის ხელისუფლება დაეცა სახალხო მღელვარების შედეგად, რაც საბოლოოდ გამოიწვია ადამიანების პირდაპირმა დახვრეტებმა ქუჩებში;
და ქვეყანაში დაბრუნდა აიათოლა ხომეინი, რომელმაც დააფუძნა ისლამური რესპუბლიკა.
ამას მოჰყვა ამერიკის კიდევ უფრო მძიმე შეცდომა – დაიწყო ერაყის გაძლიერება ირანის წინააღმდეგ, სადამ ჰუსეინის ხელმძღვანელობით.
ირანის თითქმის ცხრა წლიანმა ომმა ერაყთან (1980-1988) ხომეინის რეჟიმს უფრო მეტი ლეგიტიმაცია და მორალური უპირატესობა შესძინა ქვეყნის შიგნით.
დღესაც ქალაქის შესასვლელებში “ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ერაყის ომში დაღუპული წმინდანების სურათებია გამოფენილი”.
ხომეინიმ ერაყთან ომი, რომელმაც 200 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ანტიამერიკული, ანტიდასავლური პოლიტიკის მთავარ არგუმენტად აქცია.
იშვიათი არ არის არც წარწერები: “ამერიკა სატანა!” “ყველა დროის ყველაზე დიდი სატანა – ამერიკა”.
თუ საქართველოს შევადარებთ, გვახსოვს: სადაც დასავლურ რეფორმებს გამოუჩნდებოდა მოწინააღმდეგე, ყველას იკედლებდა ეკლესია.
ილია მეორე იქცა მთავარ ავტორიტეტად სწორედ ქვეყნის დასავლური მოდერნიზაციის პერიოდში, როგორც საშველი, როგორც თავშესაფარი.
სადაც დასავლური მიდგომა მოვიდა წინააღმდეგობაში ადგილობრივ ცნობიერებასთან და მას დაემატა ძალმომრეობა, გაიზარდა ეკლესიის როლი და იმედი.
იგივე მოხდა ირანში, ოღონდ გაცილებით მძიმე და ისლამისთვის, უფრო დიდი ქვეყნისთვის დამახასიათებელი შედეგებით.
მაგრამ აქაც ნახეთ, დღეს ანტიევროპულობის მთავარ არგუმენტად მართლმადიდებლობას და მოძალადე დაჯგუფებებს იყენებენ.
ზნეობის სახელით ახშობენ თავისუფლებას და გმანავენ ქვეყანას.
ერთ დღეს გზა გაგვიგრძელდა და სასტუმროში გვიან მივედით. ადგილი თუ ჰქონდათ გასაგებად შევედი.
ირანული ქორწილი იყო. ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ მოგონებად დარჩება ჩემი ცხოვრების.
წვეულება ორ სართულად იყო გაყოფილი. მიწის დონეზე მამაკაცები ილხენდნენ. მიწის ქვეშ – ქალები და ბავშვები.
ვისაც ახსოვს 90-იანი წლები – უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან რომ ჩაივლიდი, კიბეებზე შეფენილი შავი დერმატინის მანტოებით, ყორნებივით ჩამომდგარ ბიჭ სტუდენტებს დაინახავდი.
ათობით შავებში ჩაცმული მამაკაცი ერთმანეთს უშნოდ ეცეკვებოდა.
ქვედა სართულზე ქალები ისხდნენ, ასევე შავებში, თავსაბურავებით, ოღონდ არ ცეკვავდნენ. მხოლოდ ბავშვები დარბოდნენ მხიარულად.
ასე ჩაკლა ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ათასწლოვანი, ერთ-ერთი უდიდესი კულტურა და საზოგადოება ისტორიაში.
რუხი, ბაცი მოჭაობისფროა მთელი ირანი – უფერულად ქცეული, სასწაული მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის ქვეყანა.
ალბათ ირანში თუ დარწმუნდები საბოლოოდ, რა ავადმყოფობაა ავტორიტარიზმი და განსაკუთრებით ფუნდამენტალიზმი.
დღეს უბრალოდ ანაქრონიზმია ასეთ საზოგადოებად არსებობა. ამიტომ ცვლილებები მოახლოებულია და გარდაუვალი.
მთავარი სადარდებელია, კიდევ რამდენს შეიწირავს წარმავალი სენი.
ჩვენთვის ასეთი ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წარმოიდგინეთ უდიდესი სახელმწიფოს – უკრაინის – გათავისუფლება და განვითარება ჩრდილოეთით.
და ასეთივე უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფოს – ირანის – გათავისუფლება და განვითარება სამხრეთით.
ამას საქართველოსთვის გრძელვადიანად ექნება უზომოდ დიდი მნიშვნელობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით.
ამიტომ არ შეიძლება იყო საქართველოს პატრიოტი და არ გახარებდეს და არ გაიმედებდეს ყველა ცვლილება სიკეთისკენ ამ საზოგადოებებში.
ოცდამეერთე საუკუნეში ათობით მილიონ ადამიანს ჩამოაცვა ჩადრი და არ აძლევდე მუსიკის მოსმენის საშუალებას?!
ქალაქ ყუმში, სადაც დაკრძალულია მუჰამედის ქალიშვილი ფატიმა და მიჩნეულია წმინდა ქალაქად, ქალი შუბლს და მაჯის ზემოთ ხელს ვერ აჩენს.
ჩვენი ჯგუფის წევრებს თითით ანიშნებდნენ გამვლელი ქალები: დაიფარე, დაიფარე… შეიძლება დაჩქმიტონ კიდეც მკლავის, შუბლის გამოჩენის გამო.
ყუმი ჩვენთან გამოუსვლელს, გაუნათლებელს ნიშნავს და სინამდვილეში ბნელიდან მოდის.
უფრო ადრეული ავესტური სპარსულიდან არის ჩვენთან შემოსული სიტყვა ღამ/ღომ “ღამეც”.
ძალიან ზუსტად ასახავს სიბნელეს, რომელიც დღეს ირანში სუფევს და გათენებას ელოდება.

უკვე ახლოა გათენება – ყველაზე ბნელი ღამეც ოდესღაც თენდება. და ახლა სწორედ ეგ დროა.

მათ შორის – ჩვენთვისაც.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა