დავით ჩხეიძე: ავტორიტარებს ჯაზი არ ესმით

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
ავტორიტარებს ჯაზი არ ესმით.
საბჭოთა კავშირში ჯაზი აკრძალული იყო.
აკრძალული იყო ხმების თავისუფალი შეხმიანება, ინდივიდუალური იმპროვიზაცია.
ყველას წინასწარ დაწერილი მელოდია უნდა დაეკრა – ერთი ტონალობა, ერთი რიტმი, ერთი ბელადი.
მელოდია ზედმეტად მარტივი იყო იმისთვის, რომ კითხვები გაჩენილიყო და ზედმეტად ხმამაღალი იმისთვის, რომ საკუთარი ხმა გაგეგო.
ჯაზი ეგრე არ არის.
ჯაზი გასწავლის თავისუფლებას.
თავისუფლებას საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენაში, სხვების ხმების პატივისცემაში, საერთო ჰარმონიაში, ერთად ყოფნაში.
დღევანდელი წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორც არასდროს, არის ჯაზური – და ამავდროულად ღრმად ქართულია.
არსაიდან არ იღებს დირექტივას, არ ელის “ზემოდან” მოწოდებულ პარტიტურას.
იბადება ქუჩის კუთხეში, კაფეს მაგიდასთან, სპონტანურ შეძახილში, მოაჯირზე ჩამომჯდარი გოგოს ხუმრობაში…
რეჟიმი გასულია ჰარმონიიდან.
მისი ხმა – ოფიციალური განცხადებები, ბრტყელი აკვიატებული თემები, ფრაზები, ძალადობრივი კომუნიკაცია ყველასთან – ჰგავს ბასის ჩახშობილ, მწყობრიდან გამოსულ პარტიას.
ამ ფონზე კი ცოცხალი საზოგადოების წევრები ქმნიან იმპროვიზაციულ, აზრიან, ემოციურ და პროგრესულ ნარატივს.
ჯაზი არ არის მასობრივი მუსიკა – სჭირდება სმენა და მგრძნობელობა.
მაგრამ გახდება, თუ თავისუფლება და სოლიდარობა გახდება საყოველთაო.
ის, რაც ერთი შეხედვით უწესოდ, უმართავად, არაკოორდინირებულად გვეჩვენება – სინამდვილეში, ინდივიდების თანხმობის ნიჭიერ, რთულ ქსელს წარმოადგენს.
სწორედ ეს ქსელი, ეს თავისუფალი კომუნიკაცია ქმნის ნამდვილ, არა ავტორიტარულ, არამედ დემოკრატიულ თანხმოვანებას.
თავიდან ჯაზს ვერ იგებ, მაგრამ სწავლობ – ისევე როგორც სწავლობ მოქალაქეობას.
მთავარია უსმინო, ენდო და აჰყვე.