ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
აზოვის ზღვაში შთანთქმული სიმართლე: არაბატის ცელის ენითუთქმელი ტრაგედია
1944 წლის 18 მაისს დაიწყო ყირიმელი თათრების მასობრივი დეპორტაცია. НКВД-მ საათობრივი სიზუსტით იმუშავა — ასობით ათასი ადამიანი საქონლის ვაგონებში შეყარეს და გადაასახლეს. თუმცა, როდესაც ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდა, აღმოჩნდა, რომ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ერთი „ხვრელი“ დარჩა: არაბატის ცელი.
“ზედმეტი“ ადამიანები
არაბატის ცელი არის ვიწრო, 100-კილომეტრიანი ქვიშიანი ზოლი, რომელიც მოწყვეტილია ნახევარკუნძულის ძირითად ნაწილს. იქ მდებარე თევზმჭერი სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ძირითადად ქალებისგან, ბავშვებისა და მოხუცებისგან შედგებოდა, НКВД-ს უბრალოდ გამორჩა. როდესაც ივნისში ბერიას მოახსენეს, რომ ყირიმში ჯერ კიდევ დარჩნენ თათრები, პასუხი იყო ტიპური საბჭოთა ცინიზმი:
არანაირი დამატებითი ვაგონი, არანაირი რესურსი. “პრობლემა” უნდა “გადაჭრილიყო” ადგილზე!
კარჭაპი-სასაკლაო, რომელიც ნაპირზე არ დაბრუნებულა
ივლისის დასაწყისში არაბატის სოფლებში სატვირთო მანქანები გამოჩნდნენ. ხალხს უთხრეს, რომ ისინი პორტში უნდა გადაეყვანათ, საიდანაც „მატარებლებთან მიიყვანდნენ“.
ასობით უმწეო ადამიანი ძველ, ნახვრეტებიან კარჭაპზე აიყვანეს. ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ღია ზღვაში, ჯარისკაცებმა გემის ფსკერზე წინასწარ მომზადებული ლუქები გახსნეს.
კარჭაპი ჩაიძირა. ვინც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, მათ ზემოდან ტყვიამფრქვევებით დაერივნენ. აზოვის ზღვამ რამდენიმე წუთში შთანთქა მთელი სოფლების ისტორია.
ყველაზე მწარე დაბრუნება: გმირები ცარიელ სახლებში
სანამ НКВД მათ ოჯახებს ზღვაში ახრჩობდა, არაბატელი კაცები წითელი არმიის რიგებში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.
1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, ორდენებითა და მედლებით დახუნძლული ჯარისკაცები მშობლიურ სოფლებში დაბრუნდნენ.
მათ სახლები დახვდათ ცარიელი, კარ-ფანჯარა ჩალეწილი, ქუჩები კი — მკვდარი.
აღარავინ იყო, ვინც ეტყოდა, სად წავიდნენ მათი ცოლები, დედები და შვილები.
წარმოიდგინეთ, კაცებმა, რომლებმაც სისხლი დაღვარეს საბჭოთა იმპერიისთვის, აღმოაჩინეს, რომ იმავე იმპერიამ მათი ოჯახები ზღვაში ჩაძირა.
ბევრი მეომარი იქვე, სოფლის ნანგრევებთან დაჯდა და ჭკუიდან შეიშალა, ზოგი კი თავად რეჟიმმა დააპატიმრა „ზედმეტი კითხვების“ გამო.
კრემლის თანამედროვე ცენზურა:
რატომ არ წერია ამაზე რუსულ სახელმძღვანელოებში?
არაბატის ცელის განადგურება — ეს არ იყო დეპორტაცია, ეს იყო წმინდა წყლის ექსტერმინაცია. ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ სსრკ-ს მოქმედება არაფრით განსხვავდებოდა ნაცისტური გერმანიისგან.
2014 წლიდან რუსეთი ყირიმში ყოველგვარი „არასასურველი“ ისტორიული მეხსიერების წაშლას ცდილობს. დღეს არაბატის ტრაგედია მათთვის „ანტისაბჭოთა ფეიკია“.
მტკიცებულებების განადგურება: НКВД-მ ყველაფერი გააკეთა, რომ წერილობითი ბრძანება არ დარჩენილიყო. მათ სიმართლის ჩაძირვაც ისევე სცადეს, როგორც იმ ხალხის.
ჩვენი ვალია, ეს ისტორია ხმამაღლა ვთქვათ. როცა რუსეთი „ფაშიზმზე გამარჯვებით“ თავს იწონებს, ჩვენ უნდა გავახსენოთ ის არაბატელი ჯარისკაცები, რომლებსაც გამარჯვების სანაცვლოდ იმპერიამ აზოვის ზღვის ფსკერზე ჩაძირული ახლობლების გვამები და ცარიელი ნაპირები დაახვედრა.
ეს არის ისტორია, რომელიც ყველაზე მძაფრად აჩვენებს საბჭოთა რეჟიმის აბსოლუტურ ბოროტებას.
არაბატის ცელის ტრაგედია ცხადყოფს, რომ სსრკ ფაშისტური სახელმწიფო იყო, ისეთივე, როგორიც პუტინის რუსეთია დღეს.




