დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა.
ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ყოველთვის ერთი დიდი საპყრობილე იყო და დღემდე ასეთად დარჩა.
ლილიანა ოდესის ოლქში დაიბადა. როგორც მოგვიანებით ყვებოდა, 14 წლიდან ოცნებობდა გაქცევაზე. მას სძულდა საბჭოთა პროპაგანდა, ნაცრისფერი ყოველდღიურობა და “ცარიელი დახლები”. მიზნის მისაღწევად მან სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა: სწავლა დაიწყო საზღვაო სასწავლებელში, რათა საერთაშორისო რეისებზე მომუშავე გემზე მოხვედრილიყო. 18 წლის ასაკში ის უკვე მიმტანად მუშაობდა სამგზავრო თბომავალზე — „ლეონიდ სობინოვი“.
1978 წლის მიწურულს გემმა კრუიზი დაიწყო ავსტრალიის მიმართულებით. ლილიანა გრძნობდა, რომ ეს მისი ერთადერთი შანსი იყო. თუმცა, გემზე მყოფი „კგბ“-ს აგენტები და პოლიტიკური ხელმძღვანელები (ე.წ. „პოლიტრუკები“) მუდმივად მკაცრად აკონტროლებდნენ ეკიპაჟს.
სიდნეის პორტში შესვლამდე ლილიანამ თავი ვერ შეიკავა და ერთ-ერთ თანამშრომელს გაანდო, რომ ავსტრალიაში დარჩენა სურდა. ინფორმაციამ მყისიერად მიაღწია ხელმძღვანელობამდე. დასჯა მკაცრი იყო: მას კატეგორიულად აუკრძალეს ნაპირზე გადასვლა და, რაც მთავარია, საკუთარ კაიუტაში გამოკეტეს. მასზე მეთვალყურეობა დააწესეს, რათა პორტში დგომისას გემიდან გაპარვა ვერ მოეხერხებინა.
🏊‍♀️ გაქცევა ილუმინატორიდან
14 იანვრის ღამეს, როდესაც გემი სიდნეის პორტში იდგა, ეკიპაჟის დიდი ნაწილი წვეულებაზე იყო. ლილიანამ იცოდა, რომ თუ ახლა არ იმოქმედებდა, მას საბჭოთა კავშირში დააბრუნებდნენ, სადაც ციხე ელოდა.
მან შეუძლებელი მანევრი განახორციელა: კაიუტის სარკმელი, ე.წ. ილუმინატორი, სადაც ის გამოკეტეს, სულ რაღაც 25 სანტიმეტრი იყო დიამეტრში.
ლილიანამ ტანზე ზეთი წაისვა, რათა ლითონის ვიწრო რგოლში გაძრომა გაადვილებოდა. მან გაიხადა ყველაფერი და დარჩა მხოლოდ წითელ ბიკინიში, რომელიც წინასწარ ჰქონდა შერჩეული. ეს წითელი ბიკინი იყო ერთადერთი რამ, რაც მან საბჭოთა კავშირიდან თან წაიღო.
წარმოუდგენელი ძალისხმევით, მან მოახერხა ამ ვიწრო ხვრელში გაძრომა და ღამის ბნელ წყალში გადახტა.
🦈 40-წუთიანი ბრძოლა ოკეანესთან
სიდნეის ყურეში წყალი ცივი იყო, თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს ზვიგენები წარმოადგენდნენ, რომლებითაც სავსეა ავსტრალიის სანაპიროები…
ლილიანა 40 წუთის განმავლობაში მიცურავდა ნაპირისკენ ზვიგენებით სავსე, ბნელ წყალში. ის იხსენებდა, რომ ყოველი ხმაური თუ წყლის შხეფები მას სიკვდილის შიშს ჰგვრიდა, თუმცა უკან მიხედვის უფლებას თავს არ აძლევდა.
როდესაც ნაპირს მიაღწია, ის სრულიად ძალაგამოცლილი იყო. პირველივე გამვლელს, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, ინგლისურად სთხოვა დახმარება და საბედნიეროდ ისიც დაეხმარა.
როდესაც გემზე მისი გაუჩინარება აღმოაჩინეს, საბჭოთა აგენტებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. მათ პოლიციაზე ადრე სურდათ ლილიანას პოვნა. თუმცა, ავსტრალიურმა გაზეთმა Daily Mirror-მა მოასწრო გოგონას პოვნა და ის საიდუმლო ადგილას გადამალა. ჟურნალისტები მას ერთი ადგილიდან მეორეზე ატარებდნენ, რათა „კგბ“-ს აგენტებს ვერ ეპოვათ მანამ, სანამ ავსტრალიის მთავრობა თავშესაფარზე გადაწყვეტილებას მიიღებდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო მტკიცება, რომ ლილიანა „კრიმინალი“ და „ამორალური პიროვნება“ იყო.
მაგრამ მიუხედავად წარმოუდგენელი პოლიტიკური წნეხისა, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა გოგონას თავშესაფარი მისცა.
მალე ლილიანა მსოფლიო ვარსკვლავად იქცა. მან 15,000 დოლარად (დღევანდელი კურსით 74,000 დოლარი) მიჰყიდა თავისი ფოტოები ჟურნალ Penthouse-ს. ამ ფოტოებმა და სათაურმა — „გოგონა წითელ ბიკინიში“ — ის ეპოქის სიმბოლოდ აქცია.
დღეს ლილიანა გასინსკაია ლონდონში ცხოვრობს. უკან ის აღარასოდეს დაბრუნებულა. მან დიდი ხნის წინ დატოვა შოუბიზნესი, შეიცვალა გვარი და ცდილობს, აღარასოდეს გაიხსენოს ის საშინელი წლები, რაც საბჭოთა კავშირში გაატარა. მისი გაქცევა კი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი „რკინის ფარდის“ დასამსხვრევად.

ასევე დაგაინტერესებთ