დავით ჩუთლაშვილი: „კურსკის“ დაღუპვა: მომენტი, როცა პუტინი საკუთარ დაუსჯელობაში საბოლოოდ დარწმუნდა

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
„კურსკის“ დაღუპვა: მომენტი, როცა პუტინი საკუთარ დაუსჯელობაში საბოლოოდ დარწმუნდა
2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში, რუსეთის სიამაყე — ატომური წყალქვეშა ნავი K-141 „კურსკი“ — წვრთნების დროს მოულოდნელად გაუჩინარდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხომალდი უახლესი ტექნოლოგიით და 118 მეზღვაურით ბორტზე ნანგრევებად იქცა.
აფეთქების მიზეზი გახდა სასწავლო ტორპედოს საწვავის (წყალბადის ზეჟანგის) გაჟონვა.
პირველმა აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი ტორპედოების განყოფილებაში. 2 წუთის შემდეგ, მეორე აფეთქებამ ხანძარი გააძლიერა.
ხანძარმა დანარჩენი საბრძოლო მასალა ააფეთქა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმოგრაფებმა ის ჩრდილოეთ ევროპაშიც კი დააფიქსირეს.
თუმცა, ნამდვილი ტრაგედია არა აფეთქებისას, არამედ მის შემდეგ დაიწყო.
მიუხედავად საშინელი ნგრევისა, ნავის კუდში 23 მეზღვაური გადარჩა. ისინი მე-9 ნაკვეთურში შეიკრიბნენ და დახმარებას ელოდნენ.
კაპიტან-ლეიტენანტმა დიმიტრი კოლესნიკოვმა დატოვა წერილი, რომელმაც მსოფლიოს ამცნო სიმართლე: აფეთქების შემდეგ ხალხი ცოცხალი იყო და ისინი შველას ითხოვდნენ.
„ბნელა, ვწერ შეგრძნებით… შანსი თითქმის არ არის, 10-20 პროცენტი. ყველას მოკითხვა, არ გინდათ სასოწარკვეთა…“ — კოლესნიკოვის ბოლო სიტყვები.
ეს იყო ის კრიტიკული მომენტი, როდესაც გამოჩნდა კრემლის ნამდვილი სახე.
დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ მაშინვე შესთავაზეს რუსეთს თავიანთი სამაშველო მოწყობილობები.
ხუთი დღის განმავლობაში კრემლი უარს ამბობდა დახმარების მიღებაზე და აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ “ყველაფერი, რაც საჭირო იყო”, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
შედეგად, როდესაც ნორვეგიელ მყვინთავებს ნება დართეს, ლუქი გაეხსნათ, უკვე გვიანი იყო. ყველა მეზღვაური გაგუდული დახვდათ.
📺 „ის ჩაიძირა“
როდესაც ლარი კინგმა ახალგაზრდა ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, თუ რა დაემართა წყალქვეშა ნავს, პუტინმა მზაკვრული ღიმილით უპასუხა: „она утонула“ (“ის ჩაიძირა”).
ეს ფრაზა იქცა იმ გულგრილობის სიმბოლოდ, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს დღემდე ეპყრობა.
სანამ მეზღვაურები იგუდებოდნენ, მათი პრეზიდენტი სოჭში ისვენებდა და შვებულება ერთი წამითაც არ გაუწყვეტია.
ეს იყო პერიოდი, როდესაც რუსეთში ჯერ კიდევ არსებობდა გავლენიანი და დამოუკიდებელი ტელეარხები (მაგალითად, NTV). ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში აკრიტიკებდნენ პუტინს სოჭში დასვენების გამო.
სერგეი დორენკომ თავის გადაცემაში აჩვენა პუტინი, რომელიც კატერით სეირნობდა, სანამ მეზღვაურები იღუპებოდნენ. ამ რეპორტაჟის შემდეგ დორენკო ეთერიდან გაუშვეს, ხოლო არხის მფლობელებზე დევნა დაიწყო.
პუტინმა სწორედ „კურსკის“ დროს გააცნობიერა, რომ თავისუფალი მედია მისი ძალაუფლების მთავარი მტერი იყო. ამის შემდეგ დაიწყო ტელევიზიების ტოტალური სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევა.
ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კადრი, რომელიც მსოფლიომ ნახა, იყო მეზღვაურის დედა, რომელიც ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ყვიროდა და სიმართლეს ითხოვდა.
სანამ ქალი პასუხს მოელოდა, მას ზურგიდან მიეპარა მდედრობითი სქესის ინდივიდი (დიდი ალბათობით, სპეცსამსახურების თანამშრომელი) და ტრანკვილიზატორის ნემსი პირდაპირ კამერების წინ გაუკეთა.
დაღუპული მეზღვაურის დედა რამდენიმე წამში გაითიშა და წაიყვანეს.
ამ კადრებმა რუსეთში გამოიწვია შოკი და უსუსურობის განცდა. ხალხმა დაინახა, რომ სახელმწიფო მზად იყო, ფიზიკურად, კამერების წინ გაეჩუმებინა მგლოვიარე მშობელიც კი.
🛐 შოკიდან — მუხლებზე დაჩოქებამდე
თავიდან იყო დიდი საპროტესტო მუხტი, მაგრამ კრემლმა გამოიყენა რამდენიმეშრიანი ტაქტიკა მის გასანეიტრალებლად:
ოჯახებს იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი კომპენსაციები (24,000-27,000 დოლარი) გადაუხადეს.
ხელისუფლებამ ეს სისტემური დანაშაული მალევე შეფუთა როგორც „გმირული დაღუპვა“. ყურადღება გადაიტანეს იმაზე, რომ „დასავლური ნავი დაგვეჯახა“ (რაც მტკნარი სიცრუე იყო), რათა ხალხის რისხვა გარე მტრისკენ მიემართათ.
პარადოქსია, მაგრამ „კურსკის“ შემდეგ პუტინის რეიტინგი არ დაცემულა. პირიქით, მან მოახერხა საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც „ძლიერი ლიდერის“, რომელიც „ასუფთავებს ძველ, დანგრეულ არმიას“.
რუსულმა საზოგადოებამ ამჯობინა, დაეჯერებინა მისი ახალგაზრდა ბელადისთვის, ვიდრე ეღიარებინა, რომ მათმა ქვეყანამ საკუთარი მეზღვაურები მხოლოდ ელემენტარული პრესტიჟის გამო სასიკვდილოდ გაწირა.
რუსული საზოგადოების რეაქცია იყო ხანმოკლე აღშფოთება, რომელიც შეგუებაში გადაიზარდა.
სწორედ „კურსკის“ ნანგრევებზე აშენდა ის საზარელი, ბოლომდე უტიფარი, ღირებულებებისგან სრულიად დაცლილი სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც დღეს „რუსულ პროპაგანდას“ ვეძახით და რომლის დისტრიბუცია საქართველოში “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და “პოსტ TV”-ის მეშვეობით ხორციელდება.
ხალხმა მიიღო გზავნილი: „სიმართლის ძიება სახიფათოა, სახელმწიფო ყოველთვის მართალია, ხოლო თუ გაჩუმდები — ფულს გადაგიხდით“.
„კურსკი“ იყო პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი დიდი გამოცდა, რომელიც მან ვერ ჩააბარა.
ამ ტრაგედიამ აჩვენა, რომ 70-წლოვანმა წითელმა სოციალურმა ინჟინერიამ თავისი ნაყოფი გამოიღო: ჰომო სოვიეტიკუსის სული ცოცხალი იყო.
ჰომო სოვიეტიკუსებისთვის პრესტიჟი და სახელმწიფო საიდუმლო უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ათეულობით მეზღვაურის სიცოცხლე. პუტინმა ცხადად გაიაზრა, თუ რას ნიშნავდა ეს და მისი პროპაგანდა კიდევ უფრო უტიფარი და კიდევ უფრო თავხედური გახდა.
„კურსკი“ იყო გაფრთხილება, რომელიც მსოფლიომ მაშინ ვერ (ან არ) გაიგო. მსოფლიომ თვალი არ გაუსწორა იმას, თუ რამდენად საშიში მანიაკი იყო .
და ამ გულგრილობის შედეგებს ჩვენ დღეს ბელარუსში, საქართველოსა და უკრაინაში ვიმკით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს