დავით შარაშიძესთან ერთად პოლიციელის ცემაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს

ჩოხატაურში ნათლობის სუფრაზე პოლიციელის ჯგუფურად ცემის საქმის კიდევ 2 ფიგურანტი დააკავეს. ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს რეგიონში და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით შარაშიძეს. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დღეს დააკავეს 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს”, – აცხადებენ პოლიციაში.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ პოლიციელ გოგა ჯინჭარაძესთან დაპირისპირება ქურდული სამყაროს საკითხზე კამათის გამო დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი სასჯელის სახით მაქსიმუმ 2-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.