დავით უსუფაშვილი – ჩემი პოლიტიკური თუ ადამიანური გამოცდილებით, საქართველოს დაპატრონებულნი არიან უვიცი, უნამუსო და უკულტურო ადამიანები, რომლებიც თავს ჭრიან ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით – ტრამპთანაც და ევროპასთანაც

ევროპარლამენტი არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის პარლამენტი, ეს არის კონსოლიდირებული პოზიცია, რასაც ევროპა ხედავს იქიდან აქეთ – საქართველოში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
უსუფაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” ქვეყანას რუსეთში მიაქანებს.
ამასთან, უსუფაშვილმა ისაუბრა რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არსებულ ჩანაწერზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩანაწერი მხოლოდ მოწოდებად დარჩება, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ევროპას ჩვენი ვალი არ აქვს.
“რეზოლუციის ტექსტი უპრეცედენტოდ მკაფიო გზავნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ, საკუთარი თავი დააჯერონ, რომ “ქართულ ოცნებას” საქართველო ევროპისკენ, ანუ თავისუფალი სამყაროსკენ მიჰყავს.
ევროპარლამენტი არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის პარლამენტი, ეს არის კონსოლიდირებული პოზიცია, რასაც ევროპა ხედავს იქიდან აქეთ – საქართველოში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილება. ამ ფრაზით [მოწოდებით] და კონსტრუქციით სრულად ნათლად ჩანს, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს არ შეეხოს ის, რაც უნდა შეეხოს ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს. მე იმედი მაქვს, რომ მოწოდება დარჩება მოწოდებად და სწორედ საქართველოს მოქალაქეები გავიაზრებთ იმას, რომ ევროპას ჩვენი ვალი არაფერი არ აქვს და ევროპა უვიზოდ შესვლის უფლებას აძლევს მეგობარი, კეთილგანწყობილი ქვეყნის წარმომადგენლებს, ისე, როგორც ჩვენ ვიზამდით – ჩვენ საქართველოში უვიზოდ შემოვუშვებდით ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად გვაკნინებს, გვაგინებს, ომის გამჩაღებელს გვეძახის, გვატყუებს და ჩვენს ინსტიტუტებს შეურაცხყოფს?
“ქართული ოცნება” ქვეყანას მიაქანებს რუსეთში უვიზო შესვლა-გამოსვლისკენ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ გაავრცელეს.
მისი შეფასებით, საქართველოს დაპატრონებულნი არიან უვიცი, უნამუსო და უკულტურო ადამიანები, რომლებიც თავს ჭრიან საქართველოს მსოფლიო მასშტაბით.
“ჩემი თანამდებობრივი, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი თუ ადამიანური გამოცდილების ყველა ასპექტის კონცენტრირებით, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს დაპატრონებულნი არიან უვიცი, უნამუსო და უკულტურო ადამიანები, რომლებიც თავს ჭრიან საქართველოს მსოფლიო მასშტაბით – ტრამპთანაც, ევროპასთანაც და ყველასთან.
ახლა აღწერენ იმას, რომ მთელი ევროკავშირი, მთელი ეს წევრი სახელმწიფოები, მათი მთავრობები, პარლამენტები – არიან ვიღაცის ტყვეობაში, ოღონდ იმ ვიღაცის მთავარი ამოცანა “ქართული ოცნების” ჩამოშლაა, ანუ “ქართულ ოცნებას” ებრძვიან ის ვიღაცები, მსოფლიოს რომ მართავენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის ივანიშვილს რაღაც პრობლემები შეუქმნან. მე მრცხვენია ამაზე საუბარიც”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი ასევე შეეხო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომის გამართვის ფაქტსაც და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს მზადდებოდა საგამოძიებო კომისია აღნიშნული საქმეების შესწავლის მიზნით, თუმცა, მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერებისა და პირადად ს გადაწყვეტილებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
“2025 წლის თებერვალში იქმნება ეს საგამოძიებო კომისია წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიების გამო. ეს კომისია როდის უნდა შექმნილიყო იცით? 2013 წლის თებერვალში, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და სწორედ პარლამენტში დაგეგმილი მქონდა საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორედ ამ საქმიანობის გამოსაძიებლად, იცით ვინ დაბლოკა ეს ამბები? ვინც ახლა “ქართული ოცნების” წინა ხაზებში არიან. კოჰაბიტაციაზე 2011 წლის ნოემბერში ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი, მაშინ, როცა უცხო ძალებს, ვისზეც ახლა მიანიშნებენ, მისი გვარისა და სახელის წარმოთქმა უჭირდათ იმიტომ, რომ პირველად გაიგეს ასეთი ადამიანი პოლიტიკურ სივრცეში. 12 წლის შემდეგ ქმნიან ამ კომისიას? ვინმეს სჯერა, რომ ეს სახელმწიფო ინტერესებიდანაა გამომდინარე? ძალიან მარტივი ამბავია, რომ უნდათ შექმნან ახალი შოუ, რომელზეც უნდა გადააგორონ და “გადააბალახონ” ის ამბები, სადამდე შეიყვანეს ქვეყანა, სადამდე მიიყვანეს საქმე, რომ ჩვენი დროც ამაზე დაიხარჯოს.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – როდესაც ეს კომისია უნდა შექმნილიყო, “ქართული ოცნების” ლიდერებმა ეს არ მოინდომეს, პირადად ბიძინა ივანიშვილმა იმათ დაუჯერა და აღარ გაკეთდა ეს კომისია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.