ჩართულები ვართ სახელმწიფობანას თამაშში – მახსოვს, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში. ახლა გთხოვთ, მოგიწოდებთ, გავალებთ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, – ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისივე თქმით, თავისუფლების გარეშე დემოკრატია, ეს არის ავტორიტარიზმის ფერუმალილი.
„მოხარული ვარ, რომ დღეს 2024 წლის 5 თებერვალს ამ დარბაზში, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მოწმე ვიყავი. მისი ბოლო, მე-6 გამოსვლის. მოვისმინე გამოსვლა პრეზიდენტის, რომელმაც ძალიან მძიმე საქმეს გაართვა თავი და აღწერა ის, თუ რა სჭირს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ეს გააკეთა კვალიფიციურად, სტრატეგიული ხედვებით, კომპლექსურად და სწორედ ისე, როგორც მინდა, რომ ამ დარბაზში ყოველთვის და მუდამ, საქართველოს პრეზიდენტები ასეთ ანგარიშს აკეთებდნენ, არა მე-5 და მე-6 წელს, არამედ პირველივე წლიდან. იმედი მაქვს, რომ ახალი პრეზიდენტი ამ სტანდარტს შეინარჩუნებს და ასე გააგრძელებს. მინდა თავიდანვე გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად გარკვეული ფორმატის, პლატფორმის შექმნის თაობაზე. „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. „ლელო“ არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით. „ლელოს“ შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გავაცანით 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. მზად ვართ ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვაც მოვისმინოთ. ვიზიარებ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები, „ლელოს“ მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილების არჩევნებად, არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არამედ იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ 35 წელია ვერ დავდექით და ამ გზას ჰქვია სახელმწიფოებრივად ფუნქციონირება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ კონსტიტუციით საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ბრძანდებით, მოდით, ახლა, 6 წლის თავზე, გულწრფელად ვუთხრათ საზოგადოებას, სინამდვილეში რა პრობლემა გვაქვს – საქართველო არსებობს, მეთაურიც არსებობს, მაგრამ შუა სიტყვა- ქართული სახელმწიფო ვერ შევქმენით. იმ ტიპის სახელმწიფო, რომელიც იმიტომ გვჭირდება, რომ მოსახლეობის ყველა პრობლემა გადაწყვიტოს. ჩართული ვართ სახელმწიფობანას თამაშში და ამიტომაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ეზიარა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ სამყაროსთან ზიარებას, ამიტომაა, რომ რუსული პროპაგანდა წარმატებულია.
თავისუფლების გარეშე დემოკრატია, ეს არის ავტორიტარიზმის ფერუმარილი. ეს მორიგჯერ დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, „ლელო“ იზიარებს იმ მიდგომას, რომ პრობლემა მხოლოდ ოცნებაში არ არის, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ფუნდამენტური, სისტემური საკითხები ვერ დაიძლია.
„ყველა ხელისუფალი აცხადებდა, რომ ამას გააკეთებდა. მომავალი არჩევნები მართლაც სერიოზული არჩევნებია, რომელშიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს შეუძლია იყოს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ორგანული წევრი და მას აღარ უნდა და აღარ შეუძლია იმ ტიპის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანების იგნორირებაზე, ძალაუფლებაში მოსვლასა და აღარ წასვლაზე, რომელიც დაფუძნებულია დე-ფაქტო მემკვიდრეობაზე, უვადოობაზე. ამ სისტემით, რუსეთი, ჩინეთი არსებობდა და არსებობს, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ეს სისტემა დამღუპველია. ქალბატონო პრეზიდენტო, მე და „ლელო“ მოგმართავთ, თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ნება იმისა, რომ აიღონ ხელში ძალაუფლება. რწმენა იმისა, რომ მათი ხმა იქნება დაცული და შემგუებლობა იმისა, რომ სხვანაირი ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაში. მე მახსოვს თქვენ წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში. ახლა გთხოვთ, მოგიწოდებთ, გავალებთ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე საქართველოს კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, ყველა სოფელი და ქალაქი. იმიტომ, რომ არ იყოს ის ნიჰილიზმი, რომელსაც ხელისუფლება აღვივებს. ესაა თქვენი საქმე და ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ჩვენს საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.