„ქართულ ოცნება“ იმაზე შორს წავიდა, ვიდრე თავად „ოცნება“ წარმოიდგენდა. ისინი უკვე ვეღარ უწევენ ანგარიშს სად მიდიან. ეს არის ორიენტაცია დაკარგული, თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც საკვებად აქვთ თავის მიერვე შეთხზული ზღაპრები , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა, იმ სტილის მმართველობის ადგილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ.
მისვე მოსაზრებით, არსებობს საერთაშორისო სისტემებიდან „ამოვარდნის საფრთხეც“.
„მოსკოვის გარდა ყველა საუბრობს იმაზე, რომ სეროზული უკუსვლა გვაქვს. სტაგნაციაც კი არ არის, უკუსვლაა, რადგან ევროკავშირის კარებთან მდგომმა საქართველომ თქვა, რომ „არ მინდა მანდ“. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანს არ უნდა. იმიტომ, რომ რა სტილის მმართველობა შექმნეს, ეს არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ, ამიტომ ამისთვის გაწირეს ქვეყანა. ახლა დგება სხვა საერთაშორისო სისტემებიდან ნახევრად თუ სრულად ამოვარდნის საკითხი, მათ შორის, ევროსაბჭოს სისტემიდან.
შინაარსით, რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ადგილი ასეთ სისტემებში არ არის. მათ ურჩევნიათ იქ იყვნენ და იქ დაინახონ საქართველოს ადგილი, სადაც იმ ქვეყნის ლიდერები უარესს სჩადიან, უარესი სტანდარტებია – იქ უკეთ იგრძნობენ თავს.
სანქციები, რომელიც მათთვის მძიმე მოვლენაა, ისინი საქართველოს ასანქცირებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა და დაუკეტა უამრავი გზა, ის გზები, რომელმაც ქვეყანა უნდა წამოაჩინოს მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს და საუბრობს თუ არა ამაზე ოპოზიცია პარტნიორებთან, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ლელო“ არ არის მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვისა და ასოცირების შეთანხმების შეჩერების,
„ლელო“ არის იმ მიდგომის მომხრე, რომ აღნიშნული საკითხები რეალურად არ დადგეს იმ მაგიდაზე, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ არ ვართ მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვის, არ ვარ მომხრე ასოცირების შეთანხმების შეჩერების, რადგან ეს უკუსვლა კი არ იქნება, ეს იქნება უფსკრულში ჩავარდნა, საიდანაც ამობობღებასაც შესაძლოა თაობების შრომა და ასწლეულები დასჭირდეს. ამასობაში ვხედავთ, რომ ევროპის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
ყველამ კარგად უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას, ევროპა არის ის, რაც იყო 2 წლის წინ, 5 წლის წინ და 16 წლის წინ. ვინ შეიცვალა? – „ქართული ოცნება“ და მისი რიტორიკა“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც კობახიძემ თქვა, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ – დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“.
უსუფაშვილის თქმით, 1989 წლის 9 აპრილის კონტექსტში რუსეთს იგულისხმა, ხოლო ახლა „საკუთარ თავი“.
„ირაკლი კობახიძემ მაშინაც უცხო ძალა ბატონობდა რუსთაველზე და ახლაცო, მგონი დაუსახელებლად პირველ შემთხვევაში რუსეთს გულისხმობდა, მეორე შემთხვევაში საკუთარ თავს. კი, ამ ნაწილში კობახიძე მართალია, რუსთაველზე პარლამენტის შენობა, ამ პარლამენტის შენობაში სხედან ადამიანები, რომლებიც, სწორედ უცხო ძალას წარმოადგენენ და ძალადობენ საქართველოზე. მგონი, კობახიძემ ეს თქვა, რომ 36 წლის წინაც უცხო ძალა ანუ რუსეთი ძალადობა რუსთაველზე და დღესაც უცხო ძალა ვსხედვართ და ვძალადობთ საქართველოს მოსახლეობაზეო. სხვა ვინ ბატონობს, რომელი უცხო ძალა?
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარო ამბობს, როგორ კადრულობ ამ განცხადებას. როგორ აკადრებ ადამიანებს, არა მარტო მებრძოლებს, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ჯარისკაცებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც იმ კრიტიკულ მომენტში ბრძოლის ველზე იყვნენ. ანწუხელიძე არ იყო მარტო. ის რომ მარტო ყოფილიყო, ვერ იქნებოდა ანწუხელიძე.
ეს ძალა დრტვინავს, ბორგავს. შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ეს ძალა წალეკავს ყველაფერს, რაც ქვეყნის წინ სვლას უშლის ხელს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
