ჩვენ ამ და ასეთ გახარიასთან შევთანხმდით ადგილობრივ არჩევნებში კოორდინირებულ მოქმედებაზე. ჩვენთვის მის განცხადებაში ერთი მისხალი ახალი არ ყოფილა , – ამის შესახებ „ლელოს ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება შეცდომა იყო“.
როგორც დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, „ლელო“ გახარიას პარტიასთან ერთად შეჯერებული გეგმით მიდის წინ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვიცით, რომ გასული წლის ბოლოდან გახარიამ და მისმა პარტიამ ეს გზა აირჩია. 12 წარმომადგენელი პარლამენტში დეიურე იყო, არ შესულან, მაგრამ ითვლებოდა. ახლა ის 12 „ოცნებამ“ გაყარა და სხვა 12 შევიდა და რა გასაკვირია, რომ მის პარტიაში თვლიან, რომ ეს პოზიცია სწორია. ჩვენ, „ლელომ“ ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი სიტყვით კი არა, მოქმედებით დავაფიქსირეთ იმ დროს, როდესაც დანარჩენ ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაიდგა ნაბიჯი პარლამენტის დატოვების, გადავდგით ეს ნაბიჯი და დავტოვეთ პარლამენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ იმ 61 [ოპოზიციური]მანდატის გარეშე დატოვებული პარლამენტი მეტი დარტყმა იქნებოდა, მათ ჩათვალეს, რომ ეს სხვანაირი იქნებოდა და ა.შ. ახლა ჩვენ რა ამის გამო ჩავყვეთ ამ თემას და მორჩა, წინ ვეღარ გადავდგათ ნაბიჯი? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ რაზეც შევთანხმდით, ეს არის ადგილობრივ არჩევნებში გაერთიანებული ძალებით ბრძოლა.
გიორგი გახარიას მგონი ციხეში უფრო მარტივად იხილავთ, ვიდრე პარლამენტში. მის წინააღმდეგ არ არის აღძრული საქმეები? კითხვები გახარიაზე არანაკლებ „ლელოზე“ მომისმენია, მაგრამ ხაზარაძე და ჯაფარიძე სხედან ციხეში და ვიღაცებს მაინც უტრიალდებათ ენა იმისთვის, რომ თქვან: არჩევნებში იმიტომ ხარ, რომ ვინმესთან რამე დაალაგოთ? მე მგონი, ყველაზე ნათელი თემა ეს არის. ახალი არაფერია და მივდივართ წინ შეჯერებული გეგმით ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. დანარჩენ ამბებს მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ვიზალიბერალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების „ხიფათი სერიოზულია“ და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ხიფათი რეალობად იქცეს.
„ჩვენ, „ლელო“, მე პირადად, მაქსიმუმს ვცდილობთ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ მოხდეს ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერება. ამასობაში ვხედავთ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ხიფათი ძალიან სერიოზულია. ეს საფრთხე არსებობს არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს უნდათ ასე ბრიუსელში. მიგრაციის საკითხზე რა ხდება ბრიუსელში ხომ ვიცით? მიგრანტების პრობლემა არის უსერიოზულესი და ბევრი მთავრობა შეიწირა, ევროკავშირს ბევრი ხიფათი შეუქმნა. ამ ვითარებაში ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი და მოგვცა ეს პრივილეგია და იმის ნაცვლად, რომ შევინარჩუნოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა, ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ხიფათი რეალობად იქცეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კომისია და მის მიერ დადებული დასკვნა, მომავალში სერიოზული გამოძიების საგანი გახდება.
„დადეს დასკნა, რომელიც აღძრავს ტერმინებს, როგორიცაა ღალატი და ა.შ. ეს კომისია მთელი თავისი ფუნქციონირებით, დანიშნულებით, რეალური ამოცანებით, შედეგებით, მართლა გახდება ძალიან სერიოზული გამოძიების საგანი. პირველ რიგში მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა: 14 წელი რას ელოდებოდნენ თუ რამე იყო გასარკვევი? ამ ხნის განმავლობაში თურმე ეს ქვეყანა იყო დაუცველი, ამ ხნის განმავლობვაში თურმე ვიღაცები ამ ქვეყანას ანგრევდნენ და ხელისუფლება, რომელსაც ერთპიროვნულად უპყრია ხელში ძალაუფლება უკვე 13 წელია, 13 წლის თავზე, 2 თვეში ქმნის 500 გვერდიან დოკუმენტს, რომლითაც დაწერეს ისტორია და სკოლებში უნდა ასწავლონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
