გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, მესაქონლეობის ფერმის შპს „თეთრი ფერმა“ საქმიანობას გაეცნო – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს?
„დავით სონღულაშვილი იმ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებიც დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მესაქონლეობის მიმართულებით საქმიანობენ.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე.
„თეთრი ფერმა“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტში ჯამურად, 15 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 3 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
„თეთრი ფერმა“ ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 8,5 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
დავით სონღულაშვილმა მესაქონლეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათიანი ფინანსური რესურსით მეწარმეების მხარდაჭერამ დარგში კერძო ინვესტიციები გაზარდა.
მინისტრის განცხადებით, გასულ წელს, შეღავათიან აგროკრედიტს სამი ახალი ქვეკომპონენტი დაემატა, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. მეცხოველე ფერმერებისთვის შეიქმნა ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები, განაახლოს და ხელახლა აღჭურვოს საწარმოები.
მინისტრმა მეწარმეებთან და ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაციის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორედ მათ შეაფასონ სამინისტროს ყველა ის პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზანს ემსახურება. სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების საფუძველი სწორედ ეს შეფასებები გახდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
