დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ტურიზმისა და ტრანსპორტირების სექტორებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, საუბარი, ასევე, მწვანე ენერგიის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს შეეხო.
„კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, ახალი გზატკეცილების, პორტისა და აეროპორტის მშენებლობაზე და აღნიშნა მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.
სლოვაკეთის ელჩმა აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდა და წარმატებები, რასაც ქვეყანამ პანდემიის შემდეგ მიაღწია.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებისა და საერთო პროექტების განხორციელების მიზნით მეტი ჩართულობისთვის მზადყოფნა გამოხატეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.