გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ წევრებს შეხვდა.
„მადლობას გიხდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. ახალგაზრდების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა. ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია აქტიურ, განათლებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებზე. ჩვენ ვართ მზად ღია თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებებს, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების პოლიტიკას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში ეკოლოგიური და მდგრადი წარმოების საკითხებს. დავით სონღულაშვილმა ისაუბრა სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების ამაღლების მნიშვნელობაზეც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

 
				 
								
 
								

