დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს და დელეგაციის წევრებს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს და დელეგაციის წევრებს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამადოვს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის მონაწილეობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში და ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი თბილისში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილმა კოლეგა მინისტრს აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სურსათით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული წარმოების პროდუქტებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიის, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი და დარგობრივი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობაში დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობა.
„შევთანხმდით, რომ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ჩვენს სამინისტროებს შორის. გვჯერა, რომ ეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და კვების სექტორებში. ვისაუბრეთ ვაჭრობის გაფართოებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, რა თქმა უნდა, ეს გადამწყვეტი და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამადოვმა.
შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფეიგ გულიევი, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს