უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე რუსეთში. ასეთი რამ საქართველოში ბერიას შემდეგ არ ყოფილა , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
დავით სიხარულიძის თქმით, ქვეყანა არის “ღრმა და მძიმე პოლიტიკურ კრიზისში”, რომლის გადაწყვეტის გზაც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ბუნებრივია, რომ გარდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი მეგობრები, მათ შორის დიპლომატები შეშფოთებული არიან იმით, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ყველანაირად ცდილობენ, რომ ასე არ იყოს. მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არიან პოლიტპატიმრები, მეტასტაზებივით მოდებულია კორუფცია. სისტემა აღარ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. უმძიმესი ვითარებაა, რუსული გავლენები იზრდება ქვეყანაში. ეს ქვეყანა არის ღრმა და მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რომლის გადაწყვეტის გზაც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
დავით სიხარულიძემ გადაცემაში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანს. პოლიტიკურ სისტემა თავიდან ბოლომდე შეეზარდა კორუფციულ სისტემას.
„ჩემი აზრით საქართველოსთვის კორუფცია უმძიმესი პრობლემაა. მთელი სისტემა კორუმპირებულია. სისტემა დგას კორუფციაზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ეს უფრო შიდა გარჩევას ჰგავს. ავტორიტარიზმში ასე ხდება ხოლმე. ეს რეჟიმი ძალიან დაემსგავსა კრემლისტურ რეჟიმს, რომელიც თავიდან ბოლომდე სისტემურ კორუფციაზეა აგებული.
ნორმალურ სახელმწიფოში კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის გამჭვირვალობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის, ვინ ჩარეული არიან კორუფციაში, მათთვის პასუხის მოთხოვნა, მაგრამ აქ ბევრად სერიოზულია საკითხი. კორუფციასთან ბრძოლას ჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი გამოძიება. ავტორიტარიზმი ვერ ებრძვის კორუფციას, პირიქით, ამრავლებს იმიტომ, რომ კორუფციაზე დგას. ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანს. პოლიტიკურ სისტემა თავიდან ბოლომდე შეეზარდა კორუფციულ სისტემას. ვითარება ძალიან სერიოზულია და ეს უკავშირდება საქართველოში რეჟიმის არსს.
პრობლემა არის გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ადამიანები, [კორუფცია] უფრო სისტემურია. ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნისთვის. კორუფციული სისტემები პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.




