[დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი] ღია წერილიდან რომ ვიმსჯელოთ, ალბათ იმაზე უარესი მისწერა, აბსოლუტურად სიგიჟეები. აქ აშკარაა, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაციის სრულიად დანგრევის მიზანმიმართული და თანმიმდევრული სტრატეგია , – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად მიიღეს“.
დავით სიხარულიძის განცხადებით, საქართველო დასავლეთისთვის მისი რეპუტაციით იყო საინტერესო და თუკი ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა გაგრძელდება, დასავლეთიდან ჩვენს მიმართ ნაკლები ყურადღება იქნება მოქცეული.
„რატომ მოსწონდათ საქართველო, რატომ იყო სტრატეგიული პარტნიორი, რატომ იყო დღის წესრიგში და რატომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დახმარების მიმღები, რატომ გაჩნდა საერთოდ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თემა? იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა რეპუტაცია მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ბრილიანტი და ოქრო. ყოველთვის ითვლებოდა, რომ საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა ჰქონდა. საქართველო იძლეოდა კარგი მმართველობის, რეფორმების და დემოკრატიის მაგალითს, ასხივებდა. თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, მაშინ საქართველოს ფასი და რეპუტაცია დაბალია და ნაკლები ყურადღება იქნება მიქცეული“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
დავით სიხარულიძემ ევროპარალმენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება“.
„[ევროპარლამენტის რეზოლუცია] არის რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ის, რაც საქართველოში ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების და თითოეული ქართული ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოა. მე აქ ვხედავ მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ სტრატეგიას იმისათვის, რომ საქართველო გახადონ თავისუფალი სამყაროსთვის არასაინტერესო ქვეყანა. ქვეყანა, რომელზეც სამყაროს ხელი აქვს ჩაქნეული“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
