დავით სიმონია: აზა ჩილაჩავა გაგრიდანაა. იქაურობა რომ წაგვართვეს, ქუჩები სავსე იყო მკვდარი ქართველი ჯარისკაცებით. ვინც დამარხვას გაბედავდა, ზედ აკლავდნენ. აზამ ერთი მაინც დამარხა

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:
აზა ჩილაჩავა გაგრიდანაა. იქაურობა რომ წაგვართვეს, ქუჩები სავსე იყო მკვდარი ქართველი ჯარისკაცებით. ვინც დამარხვას გაბედავდა, ზედ აკლავდნენ. აზამ ერთი მაინც დამარხა.
რამდენიმე თვე იყო წართმეულ გაგრაში ბავშვით. არც საჭმლი ჰქონდა, არც წამალი. რომ გამოაღწია, წყალტუბოში ერთ დანგრეულ შენობას შეეფარა. ზურგით შაქარს ეზიდებოდა. ეგრე არჩენდა ოჯახს. მერე ემიგრაციაში წავიდა. რაღაც მოაქუჩა. ახლა მუჭისოდენა ოთახში ცხოვრობს.
რუსთაველზე ხშირადაა. ბევრი ტკივილი აქვს და მანდ გამოთქვამს. ვისაც ტკივა, იმის მოვლაშიც ისვენებს. ტორტებს აცხობს და აქციის მონაწილეებს ჩუქნის. ზოგჯერ – მცენარეების ნერგებსაც.
ფეხი სტკივა. დღეს ჟურნალისტებმა რომ შეაყოვნეს, იძახდა, მეჩქარებაო. არ იტყუებოდა. მეტროსთვის რომ ვერ მიესწრო, ფეხით მოუწევდა თბილისის ზღვამდე მისვლა. მისულა ხოლმე. ახლა ვეღარ შეძლებდა. აღელვებული იყო. პოლიციელებმა ალყა რომ შემოარტყეს, ალბათ დაცემული გაგრა გაახსენდა. ხმა ჩაუწყდა. ისე დაუმძიმდა, თითქოს ყელზე ყველა ავი მოგონება დაადგა. პირბადე დაულუქეს. ოქმი გამოუწერეს.
ნეტა სცოდნოდათ პოლიციელებს აზას ამბავი. მგონია, არ გააჩერებდნენ. მირჩევნია ეგრე მეგონოს. ნეტა ამ ქალის დამარხული ჯარისკაცი გაპატიებდეთ აზას ცრემლებს და საშველად აწეულ ხელს, ბიჭებო. ნეტა არ გექნათ ეს. ნეტა არ გექნათ.