დავით ონოფრიშვილმა ვენაში დაზღვევის ზედამხედველთა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) დაზღვევის, საპენსიო და კორპორატიული კომპანიების ზედამხედველობის მიმართულების მმართველი დირექტორის პეტერ ბრაუმულერის მიწვევით, 3 დეკემბერს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, ქალაქ ვენაში გამართულ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ქვეყნების (SEET – South Eastern Europe and Transcaucasia) დაზღვევის ზედამხედველთა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
„დავით ონოფრიშვილი პირველი სესიის ფარგლებში წარსდგა პრეზენტაციით და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მზარდი და სტაბილური პარამეტრების მაჩვენებლები, ასევე ისაუბრა სადაზღვევო ბაზრის განვითარების თავისებურებების შესახებ. სესიას უძღვებოდა ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების მმართველი დირექტორი პეტერ ბრაუმულერი.
გარდა ამისა, დავით ონოფრიშვილი, როგორც მოდერატორი, გაუძღვა შეხვედრის მეოთხე სესიას, რომელიც ეხებოდა დაზღვევის ზედამხედველი უწყებების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ინსტიტუციონალური გაძლიერების, დასაქმებისა და სწავლების შესაძლებლობების მიმართულებით. ამავე დროს, სამსახურის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კვალიფიციური კადრების მოძიებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად სამსახურის მიერ შემუშავებულ 2025-2029 წლების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და ისაუბრა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დანარჩენი სესიები დაეთმო შემდეგ საკითხებს: მაკროეკონომიკური გარემო და სისტემური რისკები – როგორ შევიტანოთ წვლილი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში; რეგიონული, ევროპული და გლობალური თანამშრომლობა; რეგიონში დაზღვევისა და დაზღვევის ზედამხედველობის გარდაქმნის პროცესი – მიღწევები და გამოწვევები.
მონაწილეთა მიერ გაზიარებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ფლობდეს რეგიონის ფარგლებში დაზღვევის სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების რეგულირების შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან და უახლეს ინფორმაციას, რათა გაითვალისწინოს საუკეთესო ევროპული გამოცდილება და გამოიყენოს საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისა და შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დახვეწისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.