დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, მონაწილეობა საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში მიიღო, რომელიც ენერგეტიკის სექტორის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფორუმის ფარგლებში დავით ნარმანიამ ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთ სიახლეზე – ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის კონცეფციაზე ისაუბრა, რომელიც ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობასა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.
„დავით ნარმანიამ მიმოიხილა ნეტო აღრიცხვის სქემის დინამიკა, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მიკროსიმძლავრის განახლებადი წყაროების დანერგვას.
სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალი მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს მზის ენერგიის მწარმოებელ-მომხმარებელთა (პროსიუმერების) ეკონომიკური ინტერესების დაცვასა და ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას.
საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა თემატურ პანელურ დისკუსიას, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებს, სადაც განიხილება განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.