საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, თემაზე – „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 – შეჯამება და გამოწვევები“.
მოხსენების ფარგლებში სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში არსებულ სიახლეებზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე.
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებაში, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების, ჯამში 1 მილიარდი ლარის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ელექტროსისტემის კომპონენტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, სემეკის საჯარო სხდომაზე დავამტკიცეთ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების ინვესტიციები, კერძოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჯამში, 2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება. ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონებში არსებობს და რომლის აღმოსაფხვრელადაც განხორციელდება მოცულობითი ინვესტიცია. ასევე, მასშტაბური ინვესტიციებია დაგეგმილი ბუნებრივი გაზის სექტორში – გაზგამანაწილებელი კომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სემეკთან შეთანხმებით, 300 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს.
სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტები სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე გვერ განხორციელდება. უნდა დასრულდეს ენერგეტიკაში ის ეპოქა, როდესაც ინვესტიციები აღიქმებოდა ნეგატიურ მოვლენად“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე:
სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, მიმდინარე წელი აქტიური იყო ენერგეტიკის სექტორისთვის. „ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელდებოდა გაზიფიცირების პროცესი, ელექტროენერგიის ნაწილში მწვანე ენერგიის ობიექტები შეემატა სექტორს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, 2026 წელს ვუმასპინძლებთ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიციების მოზიდვისთვის“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარესთან ერთად „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.




